ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
დღეს წარმოგიდგენთ ნაერთებს სერიიდან „ფერადი ქიმია“. ვისაუბროთ არაორგანულ პიგმენტებზე, რომლებიც საღებავებს ფერს აძლევენ. რასაკვირველია, ბევრი არაორგანული პიგმენტი არსებობს, თუმცა ამ ინფოგრაფიკაზე მხოლოდ მათი ნაწილია წარმოდგენილი. არსებობს, აგრეთვე, ორგანული პიგმენტებიც, რომლებიც ამ სტატიაში არაა განხილული (თუმცა მომავალისთვის შეიძლება).
ზოგადად საღებავი შეიცავს შემკვრელ ნივთიერებას, გამხსნელსა და პიგმენტს. შემკვრელ ნივთიერებას წარმოადგენს პოლიმერი, რომელიც საღებავშია გახსნილი ან ემულგატორით არის შეტანილი. ემულგატორის როლია - პიგმენტის ზედაპირზე დაკავება. ემულსიურ საღებავებში გამხსნელად წყალია ხოლმე გამოყენებული, ხოლო ზოგიერთ ორგანულ საღებავში გამხსნელად ტურპენტინს იყენებენ.
პიგმენტი შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე - არაორგანული. უმეტესად ორგანულ პიგმენტებს ამჯობინებენ ხოლმე, რადგან მათ უფრო ნათელი ფერი და სტაბილურობა ახასიათებთ. სამაგიეროდ, არაორგანული პიგმენტები გაცილებით იაფია და სითბოს/სინათლეს უძლებენ. ასევე, არაორგანული პიგმენტებით უფრო მარტივია თეთრი და შავი ფერის მიღება.
როგორც წესი, არაორგანული პიგმენტები მეტალთა ნაერთებს (ძირითადად ოქსიდებს) წარმოადგენს. გარდამავალ მეტალებს სავალენტო ელექტრონები მოთავსებული აქვთ d ორბიტალებზე. როდესაც ისინი ბმას წარმოქმნიან, d ორბიტალები „იხლიჩება“ ორი სხვადასხვა ენერგიის მქონე დონეებად. შედეგად, მიღებულ ორ დონეზე ელექტრონების მოძრაობას (ერთი დონიდან მეორეზე) იწვევს მოლეკულის მიერ ფოტონის (სინათლის ნაწილაკის) შთანთქმა-გამოსხივებას. ის, თუ რა ფერის (ტალღის სიგრძის) სინათლეს შთანთქავს ესა თუ ის ნაერთი, დამოკიდებულია გახლეჩილი d ორბიტალების ენერგიებს შორის სხვაობაზე. რადგანაც ყველა ფერის სინათლე ნაერთის მიერ არ შთაინთქმება, არეკლილი სხივები ხვდება ჩვენი თვალის ოპტიკურ-ნერვულ სისტემას, რის შედეგაც აღვიქვამთ ფერს.
იმის გამო, რომ ზოგიერთი არაორგანული პიგმენტი მძიმე მეტალებისგანაა წარმოქმნილი, ზოგიერთი მათგანის გამოყენება ლიმიტირებული ან აკრძალულია. მაგალითად, ქრომატის პიგმენტები იშვიათად თუ გამოიყენება. ქრომის გარემოში მოხვედრა არაერთ პრობლემას წარმოქმნის... იგივე ეხებათ კადმიუმის ნაერთებს, რომლებიც აიკრძალა ისევ და ისევ მაღალტოქსიკურობის გამო. ამ ინფოგრაფიკიდან ჩანს, რომ არაორგანული პიგმენტები ძირითადად მძიმე მეტალებისგანაა მიღებული, რაც კონტრასტულად ხაზს უსვამს ორგანული პიგმენტების გამოყენების საჭიროებას...
ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
- Paint Technology Handbook – Roger Talbert;
- Paints & Pigments – Michael D T Clark;
- The Colour of Art Pigments Database.
ფერი, ქიმია, პიგმენტი, ფერი, საღებავი, ემულსია
![]()
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფაქტორმა რეაქციის მსვლელობაზე? ეს ის ფუნდამენტური მასალაა, რომელსაც სკოლის ქიმიის კურსიც კი მოიცავს. მოცემული ინფოგრაფიკაზე მოცემული რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ინფოგრაფიკის გამოყენება მოსწავლეებს/სტუდენტებს/მასწავლებლებს შეუძლიათ, აქვე განვიხილავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა სახით ვხვდებით ამ ფენომენს.
სანამ განვიხილავდეთ ფაქტორებს, რომლებიც ქიმიური რეაქციის სიჩქარის ცვლილება შეუძლიათ, საჭიროა, დავფიქრდეთ, თუ როგორ მიდის ქიმიური რეაქცია. „დაჯახების თეორია“ მარტივად ხსნის ამას. იმისათვის, რომ ქიმიური რეაქცია წარიმართოს, საჭიროა ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახება თანაც იმ ენერგიით, რომ მოხდეს ქიმიური ბმების გაწყვეტა და რეაქციის დაწყება. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ნაწილაკები სწორი ორიენტაციით შეეჯახონ ერთმანეთს. თუ მათი ორიენტაცია ერთმანეთის მიმართ არასწორია ან შეჯახება არასაკმარისი ენერგიით მოხდა, მაშინ რეაქცია არ წარიმართება და ნაწილაკები აისხლიტებიან ერთმანეთზე.
დროის გარკვეულ მონაკვეთში, რასაკვირველია, მოხდება კონკრეტული რაოდენობის დაჯახება რეაგენტებს შორის. ამ კონკრეტული რაოდენობის გარკვეულ ნაწილს ექნება საკმარისი ენერგია, რომ გადალახავენ რეაქციისთვის საჭირო „აქტივაციის ენერგიის“ ბარიერს, ენერგიას, რომელიც საჭიროა, რომ რეაქცია დაიწყოს. რეაქციის პირობების ცვლილებით შესაძლებელია შევცვალოთ ნაწილაკთა დაჯახების სიხშირე და აისე წარვმართოთ პროცესი, რომ წარმატებული დაჯახებების რიცხვი გავზარდოთ.
პირველი პარამეტრი, რომელიც შეიძლება ვცვალოთ, ხსნარებისთვის (გამხსნელში გახსნილი ნივთიერება) არის კონცენტრაცია. კონცენტრაცია არის იმის მაჩვენებელი, თუ რა რაოდენობის ნივთიერებაა გახსნილი მოცემული მოცულობის ხსნარში. თუ კონცენტრაცია მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ხსნარში უფრო მეტი რაოდენობის ნივთიერებაა გახსნილი. მეტი რაოდენობის ნივთიერება ნიშნავს მეტი რაოდენობის ნაწილაკებს. შესაბამისად, ნაწილაკებს შორის დაჯახების შანსი იზრდება. ეს ზრდის დაჯახების სიხშირეს, რის შედეგადაც რეაქციის სიჩქარე იზრდება. შევნიშნოთ, რომ წარმატებული დაჯახებების წილი არ იცვლება, რადგანაც კონცენტრაციის ცვლილება გავლენას არ ახდენს ნაწილაკების ენერგიაზე.
ტემპერატურის მომატებაც შეიძლება რეაქციის დასაჩქარებლად. ეს მუშაობს იმიტომ, რომ ტემპერატურის გაზრდა რეაგენტების ნაწილაკების კინეტიკურ ენერგიას ზრდის. რადგანც ნაწილაკები უფრო სწრაფად მოძრაობენ, მათ შორის დაჯახებაც უფრო ხშირდება. საშუალოდ, ნაწილაკებს უფრო მეტი ენერგია აქვთ მაღალ ტემპერატურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი შეჯახება მოხდება საკმარისი ენერგიით, რის გამოც გაიზრდება წარმატებული შეჯახებების რიცხვი. ზემოთ ხსენებული ორი ფაქტორის ერთდროული გაზრდაც რეაქციის სიჩქარეს, რა თქმა უნდა, გაზრდის.
მყარი რეაგენტებისთვის, შესაძლებელია ზედაპირის ფართოვის გაზრდა. თუ გამოვიყენებთ მყარი რეაგენტის დიდ ნატეხს, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ნაწილაკები შევლენ რეაქციაში რომლებიც ზედაპირზეა. თუ ნატეხს უფრო პატარა ნაწილებად დავყოფთ, რეაქციაში შესვლისთვის უფრო მეტი ნაწილაკი გამოგვაქვს ზედაპირზე. ეს ზრდის დაჯახების სიხშირეს და, შესაბამისად, სიჩქარეს. ისევ, დაჯახებების ენერგია უცვლელია, ამიტომაც წარმატებული დაჯახებების რიცხვი იგივეა.
აირადი რეაგენტებისთვის შეგვიძლია სარეაქციო არეში წნევის გაზრდა. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეული რაოდენობის გაზს თუ შევკუმშავთ (ნაკლებ მოცულობაზე), წნევას ვზრდით. ეს გაზის მოლეკულებს უფრო მეტად აახლოებს, ამიტომაც ნაწილაკებს შორის დაჯახება ხშირდება, რაც, ისევ, რეაქციის სიჩქარეს ზრდის. ისევე როგორც ზედაპირის ფართობის, წნევის გაზრდაც ნაწილაკების ენერგიაზე გავლენას არ ახდენს, მაშასადამე წარმატებული დაჯახებების რიცხვი ისევ მუდმივია.
და ბოლოს, კიდევ ერთი რამით შეიძლება რეაქციის სიჩქარეზე მოვახდინოთ გავლენა. კატალიზატორი არი ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტი, რომელიც რეაქციის სიჩქარეს ზრდის და ამ პროცესში არ იხარჯება. იგი ქმნის რეაქციის წარმართვისთვის ალტერნატიულ გზას, რომლსაც შედარებით დაბალი აქტივაციის ენერგია სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ნაკლები ენერგიაა საკმარისი, იმისათვის, რომ ორი ნაწილაკი შეეჯახოს ერთმანეთ და წარმატებულად შევიდნენ რეაქციაში. მაშასადამე, კატალიზატორის გამოყენება ზრდის წარმატებული დაჯახებების რიცხვს, რაც რეაქციის სიჩქარეს უმატებს.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ფიქრობთ, რატომაა ეს ინფორმაცია რელევანტური ყველა ადამიანისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესები ყოველ წამს მიმდინარეობს თუნდაც ჩვენს ორგანიზმში. ენზიმები, რომელზედაც უამრავი პროცესია დამოკიდებული, კატალიზატორებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში რეაქციებს აჩქარებენ. გარდა ამისა, კონცენტრაცია და ზედაპირის ფართობი აუცილებელი პარამეტრებია მედიცინაში: წამლების ზოდები შექმნილია იმ გვარად, რომ წამლის ოპტიმალური კონცენტრაცია მოხდეს სისხლძარღვებში, ისე, რომ ყველაზე ეფექტური შედეგი აჩვენოს. გარდა ამისა, წამალი ბევრ შემთხვევაში, ნაცვლად ტაბლეტისა, ფხვნილის სახით არის ხოლმე დაფასოებული, რათა მისი ეფექტი ორგანიზმში შეყვანისას სწრაფად გამოავლინოს.
მედიცინის გარდა, სამზარეულო არაჩვეულებრივი მაგალითია, რომელიც რეაქციის სიჩქარის კონტექსტში განხილვაა შესაძლებელი. ხახვის დაჭრა ხშირად ცრემლების გარეშე არ იჭრება. საკმარისია, დაჭრამდე ხახვი მაცივარში იყოს მოთავსებული, რათა ხახვის ტემპერატურა დაეცეს. ტემპერატურის კლება კი შეამცირებს იმ რეაქციის სიჩქარეს, რომელიც ცრემლების წარმოქმნას უწყობს ხელს. მეტიც, მაცივარში პროდუქტების ჩადების აზრი არის რა, რომ საჭმლის გაფუჭების სიჩქარე შევამციროთ...
ზოგჯერ, გარდა აქ ჩამოთვლილი ფაქტორებია, არის სხვა პარამეტრებიც, რომლებიც რეაქციის სიჩქარეზე მოქმედებენ. ეს შეიძლება იყოს სინათლის ინტენსივობა/ფერი, აგრეგატული მდგომარეობა და გამხსნელიც კი, რომელშიც რეაქცია მიმდინარეობს. ეს საკითხები სკოლის ქიმიის კურსში არაა ხოლმე ხაზგასმული, თუმცა მათი მოხსენიება საჭიროა რეაქციის სიჩქარეზე საუბრისას.
ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
- Rates of reaction – J Clark, ChemGuide;
- Factors that affect reaction rates – ChemWiki;
- Rates of Reactions – S Hacker, Education in Chemistry.
კინეტიკა, ქიმია, რეაქციის სიჩქარე
![]()
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
აღდგომა გვიახლოვდება, მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კვერცხი, თუმცა ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტის - კვერცხის - ქიმია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპლექსურია. ამ გრაფიკაზე მოკლედ მიმოვიხილოთ კვერცხის ქიმიური შედგენილობა და რჩევები, რომლებიც კვერცხის მოხარშვისთვის გამოსადეგია.
კვერცხის გარსი
ლოგიკური იქნება, თავდაპირველად რომ ვისაუბროთ კვერცხის გარსზე და ნელ-ნელა განვიხილოთ კვერცხის თითოეული ნაწილი. კვერცხის გარსი ძირითადად შედგება კალციუმის კარბონატისგან, ნივთიერებისგან, რომელიც შედის კიბოსნაირების შრის შედგენილობაში, აგრეთვე ცარცში და კირქვაში. კალციუმის კარბონატის ნანონაწილაკები ცილების მიერ წესრიგდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება კალციტური შრე. გარსი ბოლომდე მყარი არაა - მას აქვს ათასობით მცირე ფორი (საშუალოდ 9 000), რომლებიც აირების მიმოცვლას უწყობს ხელს.
კვერცხის ნაჭუჭის ფერიც შეიძლება იყოს განსხვავებული. ქათმის კვერცხის შეფერილობის სპექტრი მოთავსებულია თეთრსა და ყავისფერს შორის, თუმცა ზოგიერთი ფრინველის სახეობის კვერცხი ლურჯი და მწვანეც კი შეიძლება იყოს. ეს განპირობებულია იმით, რომ პიგმენტის მოლეკულები კვერცხის გარსზე დაიტანება კვერცხის ფორმირებისას (ქათმის ორგანიზმში). ერთ-ერთი პიგმენტი, პროტოპორფირინ IX, გარსს ყავისფერ ფერს აძლევს. ეს პიგმენტი ჰემოგლობინის პრეკურსორია. ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანი ნაერთია, რომელსაც სისხლი შეიცავს. სხვა პიგმენტები, როგორიცაა ოციანინი, რომელიც კვერცხს ლურჯ და მწვანე შეფერილობას აძლევს, ნაღველის წარმოქმნაში მონაწილე გვერდითი პროდუქტებია. თეთრ კვერცხს პიგმენტის მოლეკულები არ გააჩნია.
კვერცხის თეთრი შიგთავსი, ანუ ალბუმინი, ფორმირდება სხვადასხვა შრისაგან, რომლის ძირითადი შემადგენლობა (90%) წყალია. დარჩენილ 10%-ში შედის სხვადასხვა ცილები, რომლებთაც სხვადასხვა ფუნქცია აკისრიათ. ზოგიერთი მათგანის, მაგალითად ოვალბუმინის, ფუნქცია, წიწილას განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნის გარდა, არის დამშლელი ენზიმების ბლოკირება. კონალბუმინი (იგივე ოვატრანსფერინი) რკინას უკავშირდება, რათა ბაქტერიას გამრავლების საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, კონალბუმინი წიწილას განვითარებისთვის რკინის წყაროცაა. ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ცილა ალბუმენში გახლავთ ოვომუცინი. აღნიშნული ცილა ერთგვარი გამათხელებელია, რომელიც ალბუმინს დამახასიათებელ ტექსტურას ანიჭებს.
კვერცხის გული
კვერცხის გული, განსხვავებით ალბუმინისაგან, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმებს, შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, როგორებიცაა: ოლეინმჟავა, პალმიტინმჟავა და ლინოლეინმჟავა. გარდა ამისა, კვერცხის გული საკმაოდ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს. ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E, K) რაც შეეხებათ, კვერცხის გულში ეს ნივთიერებები გვხვდება.
კვერცხის გულის დამახასიათებელი ფერი ორი ნაერთისგან, ლუტეინისა და ზეაქსანთინისგანაა განპირობებული. ეს ორივე ნაერთი ცნობილია, როგორც ქსანთოფილები. გარდა ამისა, მათი კლასიფიკაცია კაროტინოიდებშიც შეიძლება. შეგახსენებთ, რომ ბეტა-კაროტინი, ნაერთი, რომელიც სტაფილოს თავის ფერს აძლევს, კაროტინოიდებში გადის. იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის საკვებს იღებს ქათამი, შეიძლება შეიცვალოს კვერცხის გულის შეფერილობა. აქედან გამომდინარე, ბეტა-კაროტინშემცველი ნივთიერებები (თუნდაც ხავერდას ფურცლები) შესაძლებელია მივაღებინოთ ქათამს, რათა კვერცხის გულს უფრო მკვეთრი შეფერილობა ჰქონდეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წითელ წიწაკაში შემავალ ნაერთებს, კაფსანთინსა და კაფსორუბინს, შეუძლიათ, რომ კვერცხის გული ნარინჯისფერი ან წითელიც კი გახადონ.
კვერცხის მოხარშვა
მაშ, ჩვენ გავარკვიეთ, თუ რისგან შედგება კვერცხი, მაგრამ მაინც რა პროცესები მიმდინარეობს, კვერცხის მოხარშვისას? პასუხი ძირითადად ცილების გაცხელებით მიმდინარე ზოგად პროცესზე დაიყვანება. თავიდან კვერცხში გრძელი ცილის მოლეკულები ინდივიდუალურად დახვეულია ერთმანეთზე ჯაჭვებივით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტემპერატურა მოიმატებს, მიმდინარეობს ცილების გაშლა. ეს პროცესი „დენატურაციის“ სახელითაა ცნობილი. მას შემდეგ, რაც ცილები გაიშლება, ისინი ქმნიან სამგანზომილებიან ქსელს, რის გამოც წყლის მოლეკულებს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ. შედეგად კვერცხი მყარდება. ამ პროცესის შედეგად მანამდე გამჭვირვალე ალბუმინი გაუმჭვირვალე ხდება, რადგან კლასტერული ცილების ქსელში სინათლე ვერ ტარდება, პირიქით - სინათლე აირეკლება.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ისე ბევრი კვლევა არსებობს, თუ კონკრეტულად რა ნაერთები აძლევენ კვერცხს გემოს. თუმცაღა, ჩვენ ვიცით, რომ გოგირდწყალბადი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კვერცხის სუნზე. გოგირდწყალბადი წარმოიქმნება გოგირდშემცველი ცილების რეაქციით მოხარშვისას. რაც უფრო დიდხანს იხარშება კვერცხი, მით უფრო მეტი რაოდენობის გოგირდწყალბადი წარმოიქმნება. გარდა ამისა, რაც უფრო ძველია კვერცხი, მით უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. გაფუჭებულ კვერცხს სწორედ იმიტომ აქვს არასასიამოვნო სუნი, რომ გოგირდწყალბადი მეტი რაოდენობით წარმოიქმნება.
გოგირდწყალბადი, აგრეთვე, პასუხისმგებელია მოხარშული კვერცხის ზედაპირზე წარმოქმნილ თხელ, მწვანე შრეზე, რომელიც ზოგჯერ კვერცხს გარედან აკრავს. ეს განპირობებულია აღნიშნული აირის რკინასთან რეაქციით კვერცხის გულში, რის შედეგადაც წარმოიქმნება რკინა(II)-ის სულფიდი, რომელიც მწვანე ფენას წარმოქმნის. რაც უფრო დიდხანს მოიხარშება კვერცხი, მით უფრო მეტი რკინა(II)-ის სულფიდი წარმოიქმნება. ეს ნივთიერება არაა საშიში, თუმცა შესაძლებელია მისი წარმოქმნის პრევენცია. ამისათვის საკმარისია, კვერცხი მოხარშვის შემდეგ მაშინათვე ჩადოთ ცივ წყალში.
როდესაც კვერცხი დიდი ხნის განმავლობაში იხარშება, ის თუ რამდენად ადვილადაა შესაძლებელი მისი გაფრცქვნა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახალია კვერცხი. ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხის შიგთავსის ტუტიანობა, რაც დრო გადის, იცვლება. რადგანაც კვერცხის გარსი შეიცავს დიდი რაოდენობით ფორებს, კვერცხის შიგნით არსებული გაზი, ნახშირბადის დიოქსიდი (იგივე ნახშირორჟანგი), გამოდის გარეთ, რის შედეგადაც დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კვერცხის pH იზრდება მიახლოებით 7.6-დან 9.2-მდე. მოხარშული ალბუმინი დაბალი pH-ის პირობებში უფრო ძლიერად ადჰეზირდება კვერცხის შიდა შრეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კვერცხის გაფრცქვნა უფრო მეტ ძალისხმევას ითხოვს. მეორე მხრივ, სურათი იცვლება, როდესაც საქმე შედარებით ძველ კვერცხს ეხება...
იმისათვის, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული, საკმარისია კვერცხის მოხარშვისას წყალს საჭმელი სოდა დავუმატოთ, რათა pH გაიზარდოს და შედარებით ახალი კვერცხი ადვილად გაიფრცქვნას. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ კვერცხის გემო უფრო მეტად „გოგირდოვანი“ იქნება, მაგრამ რამდენად დიდ ცვლილებას იწვევს ეს, ჯერ-ჯერობით განხილვის საკითხია. სუფრის მარილის დამატებამაც შეიძლება შეამციროს ბზარები კვერცხის მოხარშვისას, რადგანაც ალბუმინი უფრო სწრაფად მყარდება მარილწყალში, თუმცა რამდენად ეხმარება მარტივად გაფრცქვნას, ეს გამოსაკვლევია.
ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
- On Food & Cooking – H McGhee (£);
- Formation of ferrous sulfide in cooking eggs – B Lowe;
- Effect of storage time, temperature and hen age on egg quality – H Akyurek & A A Okur;
- Volatile flavour components of eggs – A Macleod & S Cave;
- Why do eggs hard-boil? – Sci Bytes, Nature;
- What’s that stuff? Chicken eggs – R Evanhoe, C&EN;
- Food chemistry (4th Edition) – O Fennema & others (£);
- Understanding food: principles & preparation – A Brown (£).
მოხარშული კვერცხი, აღდგომა, საკვები, საჭმელი, კვერცხის ნაჭუჭი, ალბუმინი
![]()
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები







