ელენე ჯოხაძე

elenejokhadzee@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 18-19 გვ.

ქიმია მთელი ცხოვრებაა

ელენე ჯოხაძე

რეზიუმე: მისი პრიორიტეტულობა დამეხმარა ... ამაყად, ლაღად შემებიჯებინა ქიმიის იდუმალ სამყაროში. მას შემდეგ, ქიმიის თვალით ვხედავ მოვლენებს, წარმატებებს, წარუმატებლობას... სადღაც ტემპერატურა მაკლია, სადღაც წნევა, სადღაც წონასწორობას ვამყარებ...

საკვანძო სიტყვები: ქიმია, რატომ ვსწავლობ ქიმიას

ალბათ არ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ქიმია არის ჩემი ცხოვრება, მაგრამ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ის განსაზღვრავს ჩემ ცხოვრებას.  ცხოვრებაზე გამახსენდა და... ამბობენ, პროფესიის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ტრადიციებს, ახლობლების პროფესიულ გამოცდილებას. ჩემს შემთხვევაში ქიმიას ნულის ტოლი შანსი ჰქონდა. მეტიც, ეს ის საგანია, რომელიც არ ხიბლავდა დედას და ჩემი ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს ნაწილს.

ქიმიამ მოახერხა ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. უეცრად მოხდა ჩვენი დაახლოვება, თამაშ-თამაშით, ქიმიური ბმებით, ხელის ჩაჭიდებით... და მივედი მეცნიერების კარიბჭემდე, სადამდეც ჩემმა მასწავლებელმა ხელჩაჭიდებული მიმიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი გაცნობიერებული ურთიერთობა მეცნიერებასთან.

გადავწყვიტე რა ქიმიასთან მეგობრობა, იგი ჩემი ცხოვრების წარმმართველ ძალად, პროფესიად გავიხადე. ქიმიამ მოახერხა ჩემი გაძლიერებაც. სწორედ მისი პრიორიტეტულობა დამეხმარა მიმეღო დაფინანსება და დამოუკიდებლად, ზედმეტი ხარჯების გარეშე, ამაყად, ლაღად შემებიჯებინა ქიმიის იდუმალ სამყაროში. მას შემდეგ, ქიმიის თვალით ვხედავ მოვლენებს, წარმატებებს, წარუმატებლობას... სადღაც ტემპერატურა მაკლია, სადღაც წნევა, სადღაც წონასწორობას ვამყარებ...

ქიმიასთან მეგობრობის ორწლიან ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი პიროვნების სინთეზი წარმატებით შედგა. თუკი სწავლის დაწყებისას ზუსტად არ მქონდა გადაწყვეტილი, ამ მეცნიერების რომელ შტოს გავყვებოდი, დღეს ნამდვილად ვიცი, რომ ორგანული ქიმიის სიღრმეებს ჩავწვდები. ჯერ მას ჯეროვნად ვერ ვფლობ, მაგრამ პიროვნული  თვისებებიდან გამომდინარე, სირთულეებს არ ვუშინდები. ჩემი აზრით, ორგანული ქიმია გაცილებით მეტ ცხოვრებისეულ კითხვას სცემს პასუხს, იმ კითხვებს, რომელთა ასახსნელადაც მოვედი აქ:  რა მაცვია?! რას მივირთმევ?! რას ვგრძნობ?!

ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება ქიმიასთანაა გადაჯაჭვული. საკვების დიდი ნაწილი, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ქიმიურად დამუშავებულია, გენმოდიფიცირებულია. საშუალებები, რომლითაც ვლამაზდები, ქიმიასთან წილნაყარია. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ, ელემენტებით დამძიმებულია და მეტყვით ვინმე, რომ ჩემი ცხოვრება არაა ქიმია?!

ცოტა რომანტიკოსიც ვარ. მიყვარს ფერადი სამყარო. ხშირად, გონებაში ვაფერადებ გაცრეცილ ერთფეროვან რეალობას. ვისურვებდი, ჩემ ირგვლივ იმდენი ფერი არსებობდეს, რამდენის მიღების შესაძლებლობასაც ქიმია გვაძლევს. ქიმია ფერთა პალიტრაა! ქიმია სიყვარულია! და მე არ მინდა არსებობა ქიმიის გარეშე!!!

წლის ყველაზე ლამაზი დროის გალამაზებაც მოახერხა მან. „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში ფაქტობრივად მოვიარე მთელი საქართველო. დავიწყეთ ულამაზესი კახეთიდან და დავასრულეთ კოპწია სამეგრელოში. აფხაზეთის საზღვართან, რუხის პირას, ჩვენ ჯადოსნურ კარავთან  მოვიზიდეთ არაერთი ახალგაზრდა, გავუღვივეთ მეცნიერებისადმი ინტერესი, მრავალი სანახაობრივი ექსპერიმენტით, ჯადოსნური ფერებით. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი -2019“. საოცარი შთაბეჭდილებებით ეს დღეები იმ დღეთა ნუსხაში შევიდა, რომელთა გახსენებაც ღირებულს გამიხდის განვლილს!

ქიმია, როგორც მასწავლებლის პროფესია, ფესტივალის მიმდინარეებისას უფრო შემიყვარდა. სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ინტერესით ანთებული ათასობით პატარას ხილვა, რომლებიც ყოვლისშემძლეებად, ჯადოქრებად აღგვიქვამდნენ. იჯერებ, რომ უამრავი ბავშვის შთაგონების წყარო, ფერადი გმირი ხდები.

ჩემი პროფესია ჩემი იარაღია, რამდენადაც კარგად აღვიჭურვები, იმდენად ეფექტურად შევძლებ სამყაროსთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ადამიანისა და ბუნების ჭიდილის, გლობალური პრობლემების  ფონზე, მეტად მაფიქრებს ჩემი როლი ამ სარბიელზე. მინდა მოვახერხო, ჩემებურად, ოდნავ მაინც, ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება, რაშიც ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი სიძლიერე -ქიმია დამეხმარება!

ქიმია, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი შანსია. ხშირად ვფიქრობ იმაზე, რატომ არ შეიძლება იგი გახდეს სიცოცხლის ელექსირი და არა კიდევ ერთი გათენებული დღის შანსი... ამის გარანტია, ჩემი აზრით, ამ სფეროსთან სწორი ურთიერთობის წარმართვა იქნება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ქიმია ასოცირდება უარყოფით, მომწამლავ გავლენასთან. არადა იგი ისე უნდა აღიქმებოდეს, როგორც ერთ-ერთი საშუალება გარესამყაროსთან მშვიდი, უსაფრთხო, სწორი ურთიერთობის დამყარებისა.

ამ კუთხიდანაც ვხედავ ჩემ მომავალს, იმდენად ხშირად იცვლება ახალგაზრდის შეხედულებები და აქედან გამომდინარე მისწრაფებები, რომ ზუსტად ვერ ვიტყვი, ქიმიის რომელ სფეროში მომიწევს მოღვაწეობა და რომელ სფეროში ვიპოვი ჩემ თავს, თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ ქიმია ჩემი უახლოესი, სწორი, კომპეტენტური მრჩეველი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მას ვაკისრებ ჩემი ცხოვრების უზრუნველყოფის მოვალეობას. თუ ვერ დავეუფლები ამ მეცნიერების მწვერვალებს, ის გარანტირებულად ვიცი, რომ ჩემ მშობლიურ კახეთში, დიდი მოთხოვნაა ჩემი პროფესიის ადამიანებზე. კახეთი მეღვინეობის რეგიონია, გურჯაანი კი-მეღვინეობის ქალაქი. კარგი ღვინის დაყენება, მოვლა-შენახვა, ექსპორტი, დიდწილად კარგი ქიმიკოსის დამსახურებაა. ჩემი ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, საინტერესო და ადვილად შესაძლებელი იქნება ამ სფეროში ჩემი მოღვაწეობა. გამოგიტყდებით, რომ კარგად ვიცი კარგი ღვინის გემური თვისებები და ვიცი ზომიერად მიღების შემთხვევაში მისი სიკეთე.

ასე რომ, ჩემი მიზნები ქიმიური ელემენტების ფონზე იშლება. ისინი ნამდვილად აფერადებენ  წარმოსახვაში  ჩემ მომავალს.

და ბოლოს... განვმეორდები და გეტყვით, რომ ქიმია მართლაც არის ჩემი ცხოვრება. ამას ხშირად ვგრძნობ ხოლმე ლაბორატორიაში, სინთეზისას, როცა უამრავ სტუდენტსა და ლექტორს შორის, განვმარტოვდები ხოლმე ჩვენ ორნი...

ყოველი ჩვენგანი სიცოცხლის განმავლობაში ვაგროვებთ რაღაც ძვირფასს, ღირებულს. ზოგისათვის ეს უბრალოდ ძვირფასეულობაა, ზოგისთვის-სამშვენისი, ზოგიერთისათვის კი - მთელი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ერთხელ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ჩემი იდეალი ქიმიკოსი ქალის ძვირფასეულობით, რომელსაც მისი პაწაწუნა, მინი ლაბორატორია წარმოადგენდა. მივხვდი, რომ მასზე აღმატებულად არაფერი მიაჩნდა. მე ცოცხლად ვნახე ადამიანისა და ქიმიის სიყვარული და როგორც მისთვის, ჩემთვისაც ქიმია მთელი ცხოვრებაა!

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019