"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 20-21 გვ.
ქიმიის გარეშე სამყარო გაჩერდება
რეზიუმე: ცხოვრება ქიმიის გარეშე სამყაროს გაჩერებას ნიშნავს და შეიძლება, ცხოვრება გაჩერებულ სამყაროში? ვერა, ვერ შევძლებთ, ამიტომ ქიმიას ვისწავლით და გავუფრთხილდებით...ქიმია ჩვენი ცხოვრებაა, მე შევიგრძენი ქიმიის მრავალფეროვნება და მთელი ძალით ვცდილობ, ეს მრავალფეროვნება ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც ავუხსნა.
საკვანძო სიტყვები: ქიმია, სწავლება
ბავშვობაში არასოდეს მიფიქრია, რომ ქიმია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ქიმიისადმი ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როდესაც სკოლაში ქიმიის პირველი გაკვეთილი ჩამიტარდა. ამის შემდეგ ქიმიას არასოდეს მოვშორებივარ, მართლაც ერთგვარი „ქიმია“ გაჩნდა ამ მეცნიერებასა და ჩემ შორის, რომელიც დღემდე გრძელდება. აღმოვაჩინე ბევრი ქიმიური „საოცრება“, რამაც ამ მეცნიერებისადმი ინტერესი გამიასმაგა და მისი საფუძვლიანად შესწავლის უდიდესი სურვილი გამიჩინა. დავდიოდი და ყველგან, შინ თუ გარეთ, ქიმიას ვეძებდი, ფიქრებში ვაცოცხლებდი მოლეკულებს. სამზარეულოში ყველაფერს ქიმიის თვალით ვუყურებდი. სოდაში ძმარი ჩავასხი. აი, აირი ამოვიდა - ეს ხომ ქიმიაა... სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი არ მიფიქრია. ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, კვლავ ქიმიას დავუკავშირე. დღესაც ვერ წარმომიდგენია, ოდესმე სხვა საქმის კეთება თუ მომინდება.
ქიმიასთან ჩემი ურთიერთობა საკმაოდ სახალისო და საინტერესოა, ჩვენს ყოველდღიურობაში მას უდიდესი ადგილი უჭირავს და ქიმიის გარეშე ჩვენი ცხოვრებაც წარმოუდგენელია. ჩვენ გარშემო მუდმივად მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები, რომელთა დაკვირვება, შესწავლა და ცოდნა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ყველა მოქმედება, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად ვაკეთებთ, ქიმიის ნაწილია, მინდა, ბავშვებმა ქიმია ისე დაინახონ, როგორიც რეალობაშია...როდესაც წყალს ვსვამთ, წყლის მოლეკულებს ვყლაპავთ. ბევრჯერ დაგვიხატავ კიდეც სასოწარკვეთილი მოლეკულები, რომლებიც წყლის ჭიქაში არიან, დალევამდე ებღაუჭებიან ჭიქის კედლებს, ბევრი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება, იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ ქიმიის არსებობა ყოველდღიურობაში.
ქიმია და ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ადამიანები მუდმივად სარგებლობენ ისეთი საგნებით და ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური გარდაქმნების შედეგადაა მიღებული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს: დიასახლისი სამზარეულოში ფუსფუსებს, ექიმი ოპერაციას აკეთებს, ოქრომჭედელი სამკაულს ქმნის, მშენებელი სახლს აშენებს, მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს, აი, თუნდაც მეურნეს მოსავალი მოყავს, ვენახი უნდა შეწამლოს და რა ქნა....მოათავსა ჩაუმქრალი კირი ჭურჭელში, დაასხა ცივი წყალი...რა ხდება? კირი იხსნება, დუღს და ქრება. ეს ჩამქრალი კირი კი ის კირიანი წყალია, რომელიც მოსავალს სჭირდება...ოჰ, რა შეფერილობა ექნება, თუ მასში ფენოლფთალეინს ჩავყრით... ულამაზესი ჟოლოსფერი...საუცხოო სილამაზე... აი ესაა ქიმია.
ქიმიის ცოდნა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად ამას ვერ ვაცნობიერებთ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვიყენებთ ქიმიას ყოფაცხოვრებაში. ერთი შეხედვით, ქიმია საკმაოდ რთულ საგნად აღიქმება, ამიტომ მოსწავლეთა უმრავლესობა აღარ ცდილობს მის შესასწავლად დიდი ძალისხმევის გამოყენებას, მაგრამ მათთვის მოტივაციისა და ინტერესის გასაზრდელად არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელთაგან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სასწავლო პრაქტიკის არსებობაა. სამეცნიერო ექსპერიმენტები ყველას ძალიან უყვარს, მეც, განსაკუთრებით კი - ბავშვებს. ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილები უმნიშვნელოვანესია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე - მასწავლებლებისთვის. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქიმიური ნაერთების სინთეზი, ქიმიური ცდების ჩატარება, ამით ქიმიის შესწავლის პროცესი მისთვის უფრო საინტერესო და მარტივად ათვისებადი გახდება.
ქიმია და ჩემი ცხოვრება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. მიჭირს იმის გახსენება, როცა ამ მეცნიერებასთან კავშირი არ მქონდა, მაგრამ განსაკუთრებული დღე ქიმიის გაკვეთილი არასოდეს დამავიწყდება ...მე მასწავლებელი ვარ, პირველი ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო გაკვეთილზე. ბავშვები ინტერესით სავსე თვალებით მიყურებენ. ნეტავ, რა მოხდება? რას დავინახავთ? და დავიწყეთ...თეთრი ხალათი, ხელთათმანები, ესაა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ექსპერიმენტი ასეთია, მარილმჟავაში თუთიის ფირფიტებს მოვათავსებთ და წყალბადის გამოყოფას დავინახავთ. შევედი ლაბორატორიაში, კარადაში მიტოვებული ნივთიერებები ლამაზად ეწყო. მარილმჟავა... ფრთხილად! არ დაგვესხას დაგვწვავს! ეს სიტყვები ყურში ჩამესმოდა....ეს ხომ მჟავაა დიდი სიფრთხილეა საჭირო! მოვამზადე ჭურჭელი დადგა თუთიის დროც. მან წყალბადის ადგილი უნდა დაიკავოს. ის შეძლებს იმიტომ, რომ მასზე ძლიერია. ექსპერიმენტი შედგა. ჩვენ შევძელით. მშვიდად ერეოდა წყალბადი ჰაერს და თითქოს ემშვიდობებოდა მჟავას.... მოსწავლეების კმაყოფილი სახეები, რა ლამაზია თეთრ ნისლად ქცეული წყალბადი. ესაა წყალბადი? ექსპერიმენტს კიდევ როდის ჩავატარებთ? კიდევ რა გვექნება? დიდხანს ისმოდა მოსწავლეთა ინტერესით სავსე შეძახილები.....
ქიმია ჩემი სულის ნაწილია. ვერც კი წარმომიდგენია ვინ შეიძლება ვიყო, თუ არა ქიმიკოსი. ქიმიის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. ცხოვრება ქიმიის გარეშე სამყაროს გაჩერებას ნიშნავს და შეიძლება, ცხოვრება გაჩერებულ სამყაროში? ვერა, ვერ შევძლებთ, ამიტომ ქიმიას ვისწავლით და გავუფრთხილდებით...ქიმია ჩვენი ცხოვრებაა, მე შევიგრძენი ქიმიის მრავალფეროვნება და მთელი ძალით ვცდილობ, ეს მრავალფეროვნება ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც ავუხსნა.
გამოქვეყნებულია: 24-12-2019