"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 22-23 გვ.
დღეს მე კიდევ ერთხელ დავიბადე
„თანამედროვე განათლების“ აკადემია
რეზიუმე: დღეს 29 ნოემბერია და მე კიდევ ერთხელ „ქიმიკოსად" დავიბადე. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჯადოსნური პროფესია ცხოვრების დიდი გამოწვევა და უფლისაგან მოვლენილი საჩუქარი იყო ჩემი. ასე გავხდი მასწავლებელი...ail.com
საკვანძო სიტყვები:
დღეს 29 ნოემბერია და მე კიდევ ერთხელ „ქიმიკოსად" დავიბადე.
გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჯადოსნური პროფესია ცხოვრების დიდი გამოწვევა და უფლისაგან მოვლენილი საჩუქარი იყო ჩემი.
ასე გავხდი მასწავლებელი...
დღეს ვიცი, რა არის ჩემი როლი და რისთვის დავიბადე. ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემი ქმედება იმ ჯადოსნური კარის გასაღებად, რომელსაც მეცნიერება გვთავაზობს.
ყოველ დღე, ენთუზიაზმით სავსე, შემართებით მივდივარ სკოლაში და ვცდილობ, ვიყო „ფერია“ ჯადოსნურ სამყაროში.
ყოველ დღე, უამრავი ქიმიური ნივთიერებით სახეშეღებილს შემიძლია ვიყო ხიდი მეცნიერებასა და ჩემს პაწაწუნა მეცნიერებს შორის. ქიმია ხომ ყველაფერია! ქიმია ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელსაც ბედნიერებით, სიყვარულით ვუზიარებ მსმენელს სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
როგორც ამბობენ, როცა ვიბადებით ჩვენი ცალიც იბადებაო და მისი პოვნის ღირსად უნდა შეიქმნა ადამიანი... ამ შესანიშნავ ქაოსშიც, ჩემ ქიმიას ლომის წილი აქვს.
სიყვარულის ქიმია, ვფიქრობ ყველას გულსა და გონებას იპყრობს და სამყაროსაც მართავს!
რატომ ქიმია? იგივეა მკითხოთ როგორ საუბრობო? პასუხი მარტივია, ქიმია ენაა, რომელიც ხმის ამოუღებლად საუბრობს. საუბრობს თავისი მომხიბვლელობით, თავისი ჯადოქრობით, ისეთ კითხვებზე პასუხის ქონით, როგორიცაა რატომ ხდება?, როგორ ხდება?...
ზოგჯერ ადამიანებისათვის ქიმია და ქიმიური ნივთიერებები საშიშ, მავნე ნივთიერებებად აღიქმება. თუმცა გვავიწყდება, რომ თავბრუდამხვევი სურნელი, გლუვი სახის კანი, მბზინვარე თმა, ფერადი სამოსი და უთვალავი რამ, სწორედ ქიმიის საჩუქარია. როგორც კოშმარული სიზმარი, ისეთივე იქნებოდა ცხოვრება ქიმიკოსების გარეშე. წარმოიდგინეთ ჯადოსნური სამყარო ჯადოქრების გარეშე.
დღიურო, შენ ხომ გახსოვს ჩემი პირველი დღე სკოლაში... საოცარი, ემოციებით დატვირთული დღე. სწორედ პირველ დღეს მქონდა მისია, მისი უდიდებულესობა ,,ქიმია’’ წარმედგინა მოსწავლეთათვის. და მეც დავიწყე! არაერთი ფაქტი თავისით ლაგდებოდა გონებაში და ენაც დაუზარელად გადმოსცემდა მას. ვსაუბრობდი ქიმიაზე მედიცინაში, ქიმიაზე ყოფაცხოვრებაში, საკვებ პროდუქტებში, მეურნეობაში, პარფიუმერიაში, ვსაუბრობი ქიმიაზე, როგორც უდიდეს მეგობარზე და ამაყი ვიყავი ჩემი არჩევანით, რომელიც უეცრად, სურვილს მოკლებულმა, საჭიროებით გავაკეთე. ბავშვების გაოცებული სახეები ღიმილს მგვრიდა. დაუჯერებლად მიაჩნდათ ის, რასაც ვამბობდი და დაბნეულებს, ათასი კითხვა ესხმოდათ თავს. პირველ დღეს მე დავანახე ქიმიის საჭიროება მათ. შევძელი და ავუხსენი, თუ რატომ უნდა შეგვეძლოს ადამიანებს საუბარი ქიმიურ ენაზე. ჩვენს საუკუნეში ცხოვრება ქიმიის გარეშე, ომში შეუიარაღებელ მებრძოლს გავს, რომელიც განწირულია დამარცხებისათვის.
ჩემს ცხოვრებას ქიმიურ რეაქციას შევადარებდი. ჩემი ქმედებები, ჩემი წარმატება, მიღწეული მიზნები და ახდენილი ოცნებები კი მისი გამოსავლიანობაა. სადღაც ნამდვილად დამკლებია ტემპერატურა და სადღაც შემძლებია წონასწორობა დამემყარებინა, რამაც კიდევ უფრო წარმატებული გახადა ჩემი ქიმიური პროცესი. პროცესი, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს.
დღეს 26 წლის გავხდი დღიურო და კიდევ ერთხელ „ქიმიკოსად“ დავიბადე.
მეცნიერებით მოწამლული დაუღალავად მივუყვები ჩვენი კავშირის გამყარების გზას. დოქტორანტურა- ოცნება, რომელიც თავს დამსხმია და წლების შემდეგ რეალობად მექცა. უდიდესი გამოწვევა, რომელიც მივიღე და მიზანი, რაც მჭირდება, რომ ვიყო ბედნიერი.
ვიცხოვრებ იმისათვის, რომ უამრავმა ადამიანმა შეძლოს მისი ჰანგებით ტკბობა და ცხოვრება ჯადოსნურ, ამოუცნობ რეალობაში.
ვგრძნობ, პერიოდული სისტემა ხელოვნების ნიმუშად მექცა. ნელ-ნელა სულში მისახლდება და ჯადოსნურ მელოდიას მთავაზობს.
დღიურო, დღეს 26 წლის გავხდი და კიდევ ერთხელ „ქიმიკოსად’’ დავიბადე.
გამოქვეყნებულია: 20-12-2024