"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 17-17 გვ.
ქიმიის ბუნება
რეზიუმე: ფერი განაპირობებს ბუნების მშვენიერებასა და მომხიბვლელობას და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საკვანძო სიტყვები: ქიმია, ფერი
ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა ქიმიის გარეშე, მისი საოცრებათა სამყაროს, ფერების შეხამების თუ სინთეზის გარეშე, ქიმია თავად ქმნის ,,მეორე ბუნებას.“
წელს, შეთავსებით წყალტუბოში დავიწყე მუშაობა, ქუთაისიდან შვიდი კილომეტრის სავალ მანძილზე. მთელი გზა ორივე მხარეს ულამაზესი, მარადმწვანე წიწვოვანებითაა დაფარული. შიგადაშიგ ფოთლოვანი, უკვე გაყვითლებული, შეწითლებული, ნარინჯისფერი შეფერილობის მცენარეებიც შეგხვდებათ.
შემოდგომის მიწურულს, მაინც განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ეს ფერთა ჰარმონია, ღიღინის სურვილსაც აღძრავს. ფიქრისკენაც გაქეზებს და ვეშვები ჩემს ფიქრებში და მოგზაურობას ვიწყებ ფერთა სამყაროში.
ჩვენ ვიცით, რომ ფერი განაპირობებს ბუნების მშვენიერებასა და მომხიბვლელობას და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დამერწმუნებით, სასიამოვნო სანახაობაა, როცა სიბნელე თანდათანობით იცრიცება, ცის თაღი წითლად იწყებს შეღებვას, ნელ-ნელა იკვეთება საგნების ფორმები და ფერები. იბადება ახალი დღე. დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც და მშვენიერი სანახაობაა. წარმოუდგენელია ასეთ სურათს გულგრილად ჩაურო.
ადამიანებზე, ფერის გავლენაზე ხშირად საუბრობენ ფსიქოლოგები თუ ფსიქიატრები. არსებობს ფერით თერაპია და კვლევები მის სასიკეთო შედეგებზე.
ვიცით ქრომოთერაპიაზეც, რომელიც ასწავლის თუ როგორ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფერები ადამიანის ესთეტიკასა და განწყობაზე.
ფერის არჩევისას ადამიანი თავის განწყობასაც გამოხატავს, დარდს, სიხარულს, აგრესიის თუ შემოქმედებით აღმაფრენას და ა.შ.
დადგენილია, ძირითადი და მათი შეხამება - შეზავებით მიღებული ფერები.
ყველა ფერი სინათლიდან მოდის. თეთრი სინათლე, სინამდვილეში სხვადასხვა ფერების ნარევია. ამ ფერების გამოცალკავების რამდენიმე ხერხიც არსებობს
საპნის ბუშტის ზედაპირი სწორედ ამას აკეთებს, ისევე, როგორც წვიმის წვეთები, რომლებიც ჰაერში ეკიდებიან და ცისარტყელას წარმოქმნიან. ცისარტყელას ფერები მართლაც ბუნების საოცრებაა!
ამ ფიქრებში გართული შევდივარ ჩემს თბილ საკლასო ოთახში, ჩემს პატარა ფერად სამყაროში. ჩემი გაკვეთილიც ფერადია დღეს.
მრავალი ყვავილი, ნაყოფი, კენკრა, ფოთოლი და მცენარის ძირი შეიცავს შემფერავ ნივთიერებებს (საღებრებს) , რომლებსაც უნარი აქვთ შეიცვალონ ფერი ამა თუ იმ ნივთიერების მოქმედებით. მჟავა (ან ტუტე) არეში მოხვედრისას, ისინი, გარეგნულად (ვიზუალურად) ნიშანსაც გვაძლევს ამის შესახებ. ჩვენც ვატარებთ მცირე ექსპერიმენტებს.
წინასწარ დამზადებულ ინდიკატორს ვუმატებთ მჟავა ან ტუტე ხსნარებს. რაც ჩვენს სინჯარებს უკვე ფერადი ფერადს ხდის. ვადარებთ ერთმანეთის შედეგებს და გვიხარია. ზოგი მკვეთრია, ზოგი ბაცი , ზოგი მკვეთრად გამოხატული იისფერი.
ჩვენი ცხოვრებაც ფერთა გამას ჰგავს, ყველაფერი ჩვენს ირგვლივ დროდადრო იცვლება ფერები გადადიან ერთმანეთში, ხან მკვეთრია, ხან გახუნებული, ზოგჯერ მომღიმარი ანაც სევდიანი.
გამოქვეყნებულია: 24-12-2019