ნინო ბენიძე

benidze.nino@teachers.gov.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 15-16 გვ.

კლასი და პერიოდულობის კანონი

ნინო ბენიძე

ქუთაისის N19 საჯარო სკოლა

რეზიუმე: თითოეული მოსწავლე პერიოდული სისტემის პერიოდებსა და ჯგუფებში განლაგებულ ქიმიურ ელემენტებს მაგონებს და ვადარებ მათ ქცევას, მანერას, მიდგომას და ხასიათს. მართლაც რა საოცრად ჰგვანან ისინი ელემენტების თვისებებს.

საკვანძო სიტყვები:

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც სკოლაში ვმუშაობ და ყოველთვის სიამოვნებით ვიწყებ ახალ სასწავლო წელს, ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობას და სიყვარულით მტკიცებას იმისა, რომ არა ქიმია, სამყარო არ იქნებოდა ასეთი ფერადი, საინტერესო, სასიამოვნო და ამოუცნობიც კი.

ქიმია რომ არა, ვინ ვიქნებოდით ჩვენ და რა გვექნებოდა ახლა? 21-ე საუკუნის ადამიანი თანამედროვე მიდგომებით, დამოუკიდებელი აზროვნებით და თავისუფალი ნებით, მაგრამ ქიმიის გარეშე?...არც არაფერი.

თითოეული მოსწავლე პერიოდული სისტემის პერიოდებსა და ჯგუფებში განლაგებულ ქიმიურ ელემენტებს მაგონებს და ვადარებ მათ ქცევას, მანერას, მიდგომას და ხასიათს. მართლაც რა საოცრად ჰგვანან ისინი ელემენტების თვისებებს.

ზოგიერთი მოსწავლე მდგრადი და შეუპოვარია თავისი თვისებებით, მყარი ხასიათით და გამძლე ბუნებით. ზოგიერთი ინერტული, უმოძრაო და უმოქმედოა, როგორც ჰელიუმი, რომელიც არ ერთვება საუბარში, თავისთვისაა, თითქოს უსიცოცხლოა.

ზოგიც ცეცხლგამძლე ლითონივითაა, როგორც ვოლფრამი. ადვილად ვერ გამოიყვან წყობიდან. საკმაოდ მაღალი ძალისხმევაა საჭირო მიზანს რომ მიაღწიო. ზოგიც რბილი ლითონია, როგორც ცეზიუმი და გალიუმი. მალევე შემოგადნება ხელში, გემორჩილება და იქვე გნებდება. ზოგიერთი ხასიათით ძალზედ მძიმეა, როგორც ტყვია, მუდამ მონაცრისფრო და მობუზული, მოღუშული შუბლით და დაბღვერილი სახით, მუდამ უკმაყოფილო. ზოგი კი ვერცხლისწყალივით მოძრავი, მოუს­ვე­ნარი, ერთი წუთით, რომ არ ისვენებს და მუდამ ბრუნავს 360 გრადუსით.

ზოგიც ფერადი და სასიამოვნოა, რომელიც ალამაზებს ირგვლივ მყოფთ და შემოაქვს სინათლე და სითბო, ზოგიც ჟანგბადივით აუცილებელი, სუნთქვა რომ გიჭირს და სარკმელს ეძებ, შეაღო და შემოუშვა სუფთა ჰაერი.

მოკლედ მრავალფეროვანია ჩემი კლასი. თავისი ლამაზი თითოეული პერსონით, ინდივიდუალიზმით. მიდგომაც სჭირდებათ სათანადო და მართვაც, რადგან მოხერხებულად ისე განალაგო თითოეული კლასში, არ დაარღვიო ძირითადი კანონი, მეგობრობა, სიყვარული. იყო მათვის მისაბაძი და გულისხმიერი, განათავსო სწორად, როგორც თავის დროზე მენდელეევმა შეძლო ეს! გაითვალისწინო მათი ძლიერი და სუსტი თვისებები, მათი ბუნება, ვისთან დასვა და ვის გაარიდო.

მეც ვფიქრობ, ვბჭობ, ვცვლი და ვიწყებ ჩემი მოსწავლეების განთავსებას კლასში, როგორც პერიოდულობის ცხრილში ელემენტებისას. მარცხნიდან მარჯვნივ გადანაცვლებისას ვითვალისწინებ მათ თავისებურებებს და თვი­სებებს. როგორც ლითონებისა და არა­ლი­თონების გან­ლა­გე­ბი­სას, ბოლო მწკრი­ვებში ვათავსებ ინერ­ტულებს, როგორც საზ­ღვარი საპი­რის­პი­რო თვი­სებების მქონე მოსწავლეებისა.

გაკვეთილის მსვლელობა კი ქიმიურ რეაქციების მიმდინარეობას ჰგავს. იმისათვის რომ რეაქცია წარიმართოს საჭიროა მოლე­კუ­ლების ერთმანეთთან შეხება, შეჯახება. ზოგიე­რთი თავისთავად იწყება და მიმდინარეობს, ზოგი სწრაფად, ზოგსაც კატალიზატორი სჭირდება რომ ააჩქარო პროცესი, ზოგსაც პირიქით ინჰიბიტორი, რომ შეანელო.

რა საოცარია არა? ჩემი მოსწავლეებიც ზუსტად ასეა. ზოგჯერ წახალისებაა აუცილებელი და შექება, ზოგჯერ შენიშვნის მიცემა და სწორად მითითება რა საჭიროებს გამოსწორებას, ზოგ­ჯერ კი მხოლოდ თანადგომაც საკმარისია, მხოლოდ სიტყვა, შენ ყველაფერს შეძლებ!

დიახ საოცარია, იყო ქიმიის მასწავლებელი. გიყვარ­დეს შენი საქმე, თითოეული მოსწავლე მათი თავისებურებებისა, ააწყო სწორი კომუნიკაცია, ასაკის შესაბამისად. მათთვის გასაგები ენით გაუზიარო ახალი ინფორმაცია, სათუთად შეარჩიო სითბო, ტონი, ლექსიკა. იყო პოზიტიური, სანდო, სამართლიანი და კრიტიკულიც.

და რა იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება ქიმიის გარეშე? არც არაფერი...

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024