"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 17-18 გვ.
მე ქიმიის მასწავლებელი ვარ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 და N3 საჯარო სკოლა
რეზიუმე: დედამ ოთახში უნივერსიტეტის გაზეთი შემოიტანა და მაგიდაზე დადო. მითხრა, დამეთვალიერებინა და გადამეწყვიტა რომელ პროფესიას ვირჩევდი და რომელ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას სკოლის დასრულების შემდეგ....
საკვანძო სიტყვები:
2000 წლის სექტემბრის თბილი და მზიანი დღე იყო ...
დედამ ოთახში უნივერსიტეტის გაზეთი შემოიტანა და მაგიდაზე დადო. მითხრა, დამეთვალიერებინა და გადამეწყვიტა რომელ პროფესიას ვირჩევდი და რომელ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას სკოლის დასრულების შემდეგ. მახსოვს, გული როგორ ამიჩქარდა, წიგნები გვერდზე როგორ მივაწყვე და სასწრაფოდ გაზეთს ჩავუჯექი. თვალის ერთი გადავლებით ჟურნალის ყვითელ ფურცლებზე თეთრ-შავად დაწერილი ყველა გვერდი მიმოვიხილე. სასიამოვნოდ ვიგრძენი გულის კარნახი, რომელმაც ჩემი ქვეცნობიერიდან უკვე იცოდა ის ორიენტირი და არჩევანი, რომელიც კალმის ერთი მოსმით შემოვხაზე...
წამით ფიქრმა გამიელვა, შევძლებდი კი ამდენს?! ეს ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია?! ბუმბერაზი ადამიანების აკვანი, ცოდნის დიდი ტაძარი და ჩემთვის, თექვსმეტი წლის ნინოსთვის ჯერ კიდევ უცნობი მაგრამ საოცნებო ადგილი.
2001 წელს სკოლის კედლებიდან მიღებული ცოდნით, მაღალი მოტივაციითა და შრომისმოყვარეობით ნანატრი შედეგიც დადგა.... დღესაც ნათლად მახსოვს მაღლივ კორპუსში საორგანიზაციო დაფებზე ჩარიცხულ სტუდენტთა გამოფენილ სიებს გახარებული სტუდენტებისა და მშობლების სახეები როგორ უყურებდნენ, ათვალიერებდნენ და ეძებდნენ საკუთარ შვილებს, ახლობლებს. თვალწინ მიდგას მომენტი, როცა მღელვარებისაგან ქიმიის ფაკულტეტზე მოხვედრილ სტუდენტთა სია აჩქარებულად ორჯერ ჩავიკითხე და მხოლოდ მესამე ჯერზე წაკითხვისას ძლივს დავინახე მეცამეტე ნომრად საკუთარი სახელი და გვარი...
სიხარულისაგან მე და დედა ავტირდით.... ეს იყო ცრემლები სიხარულის, საკუთარ ძალებში დარწმუნების, ჩემი ცხოვრების პირველი უდიდესი გამოწვევით მიღებული სასიამოვნო წუთები, რომელიც უძვირფასეს სამკაულად აბნევია ჩემს მეხსიერებას.
2001-2006 წლები თსუ-ს II კორპუსსა და ქიმიის დეპარტამენტს უკავშირდება. დღეს მასზე რომ ვფიქრობ, მეღიმება. სწავლის პერიოდში არც ერთი ლექციისა თუ სემინარის გაცდენა არ მქონდა დაფიქსირებული. ან კი როგორ გავაცდენდი?! იყვნენ საუკეთესო ლექტორები და სემინარის პედაგოგები, მომღიმარი ლაბორანტები, რომლებიც მუდმივად და თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენ, სტუდენტებს და მომავალ ქიმიკოსებს მიგვეღო უმაღლესი განათლება, ისეთი როგორიც სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეფერება.
იყო საინტერესო კვლევითი პროექტები, საწარმოო პრაქტიკები, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, „პირველობა“, ე.წ. ჯგუფხელობა და სტიპენდიის მიღების მოლოდინით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებები...
ბაკალავრიატის შემდეგ იყო მაგისტრატურის წარმატებული წლები. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისა და ქიმიის 87-ე დიდ აუდიტორიაში სადიპლომოს დაცვის მღელვარე წუთები...
დღეს, 2024 წელს აქ ვარ და ვწერ ესეს: „ქიმია და ჩემი ცხოვრება“. მეკითხებით, რა არის ქიმია ჩემთვის? ადამიანისთვის, რომელიც უკვე მეჩვიდმეტე წელია სასკოლო საზოგადოების ნაწილს წარმოვადგენ, მაქვს ურთიერთობა პედაგოგებთან, საყვარელ მოსწავლეებთან და ერთგულად, მაღალი პროფესიონალიზმითა და მოტივაციით ვემსახურები პროფესიას, რომელსაც ქიმიკოსობა - ქიმიის მასწავლებლობა ჰქვია.
2007 წლის 15 სექტემბრიდან უფრო სასიამოვნოდ დაიწყო ჩემი და ქიმიის ნამდვილი, ტკბილი და საყვარელი ურთიერთობა. მაშინ როცა სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის კარი შევაღე არა როგორც მოსწავლემ, არამედ უკვე მასწავლებელმა. დღევანდელი დღესავით მახსოვს დირექტორი როგორ შემიძღვა მერვე კლასში და ბავშვების მომღიმარი, ინტერესით სავსე სახეების თვალწინ წარმადგინა შემდეგი სიტყვებით: „ ბავშვებო, დღეიდან თქვენ გყავთ ძალიან ენერგიული, შრომისმოყვარე, ქიმიის ლამაზი მასწავლებელი“, და როდესაც გასვლისას კარი გაიხურა, ძალიან დავიბენი მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობით სავსე ამდენი მოელვარე თვალების პირისპირ მარტო რომ აღმოვჩნდი. მიუხედავად სახლში, სარკის წინ რამდენჯერმე გავლილი „რეპეტიციისა“, მაინც გაწითლებული სახითა და შიშნარევი გამომეტყველებით ველოდებოდი პირველი გაკვეთილის დასრულების მომასწავებელ ზარის დარეკვის ხმას...
და აი, უკვე 17 წელია ყოველდღე სასიამოვნოდ მესმის ზარის წკრიალის ხმა. ხმა, რომელიც მოსწავლეთა ჟრიამულს, მათ ბედნიერ სახეებსა და თითოეულის წარმატებით განცდილ სიხარულს, სასწავლო რესურსების შექმნასა და საშინაო დავალებების შემოწმებაში გათენებულ ღამეებს, კმაყოფილ მშობლებს, შუაღამისას მოსწავლეთა მოწერილ სოციალური ქსელის შეტყობინებებს სასწავლო პროცესის თაობაზე, ქიმიის გაკვეთილიდან გაპარვებს, შესრულებულ თუ შეუსრულებელ დავალებებს, მათ თბილ კომენტარებს, წარმატებულად განხორციელებულ კონფერენციებს, გამარჯვებებსა და ჯილდოებს, უამრავ სასკოლო და საკლასო პროექტებს, კლუბურ საქმიანობებსა და ფორმალურ სწავლებასთან ერთად არაფორმალურ გაკვეთილებს უკავშირდება.
მე, ბედნიერი ნინო მასწავლებელი ვარ, რადგან შევძელი ქიმიით „მომეწამლა“ და ქიმიური სამყარო მომეწონებინა არა მხოლოდ ქართველი, არამედ აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის. ისინი ისევე მომაჯადოვებინა, დამეტყვევებინა და გამეჩინა სურვილი ქიმიურ გალაქტიკაში მოგზაურობის, როგორც ეს წლების წინ მე მომანდომეს და მომაწონეს.
ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩემმა შვიდმა მოსწავლემ საკუთარი მომავალი ქიმიას დაუკავშირა და პროფესიად ქიმიკოსობა აირჩია. მასწავლებლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება, ნამდვილად რომ არ მეგულება. შვიდივე წარმატებული თსუ-ს კურსდამთავრებულია და მაქვს დიდი იმედი რომ ისინიც ჩემსავით შეეცდებიან ხელი შეუწყონ მომავალი თაობების ქიმიურ სამყაროში გზის გაგნებას და საინტერესო მოგზაურობას.
ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის ასევე საამაყო და გასახარია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შვილებივით გამოზრდილ მოსწავლეთა მაღალი მიღწევები. წარმოუდგენელია ოდესმე დამავიწყდეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აწ უკვე მესამე კურსის სტუდენტი - სეიფულ ორუჯოვი, რომელმაც ქიმიის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასებით (63-დან 62 ქულა) ძალიან გამახარა. და კიდევ სალომე, მარიამი, თიკა, მეგი, ბაჩი, გოგა და სხვები....
ეს და მსგავსი სასიამოვნო მომენტები ჩემი ცხოვრების ისტორიის პატარ-პატარა ფერადი ძაფებია, რომლითაც ნაირფერად ვქსოვ ჩემს „ქიმიურ“ ცხოვრებას და ვაგროვებ ქიმიური ელემენტებივით ბედნიერ წუთებს. წუთებს, რომლის გამოც სკოლაში პედაგოგებმა „ქიმიის ჯადოქარი“ შემარქვეს. წუთებს, რომლის გამოც სახლში ფინჯან ყავას კოფეინის ფორმულით მოხატული ლამბაქით მივირთმევ. წუთებს, რომლის გამოც ჩემი სამუშაო ოთახის მარჯვენა კედელზე ჩაკიდულია ექსკლუზიურად დამზადებული ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი. წუთებს, რომლის გამოც კარადის ვიტრინაში პირველი თარო საკოლექციო ქიმიურ ჭურჭელს უკავია....
და რა არის ქიმია ჩემთვის? ქიმია ჩემი სულის ნაწილია, მთელი ჩემი ცხოვრებაა, დაწყებული სკოლის მერხიდან დღემდე. კითხვაზე, ქიმიკოსის გარდა, კიდევ რომელი პროფესიის ადამიანი ვიქნებოდი? პასუხი ერთადერთია - ისევ ქიმიკოსი და ისევ ქიმიის ჯადოქარი...
გამოქვეყნებულია: 20-12-2024