17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
როგორი კრისტალური აღნაგობა აქვს ჰალოგენებს? როგორი ტიპის ურთიერთქმედების ძალები მოქმედებს მათ მოლეკულებს შორის?
პასუხი:
ჰალოგენები ხასიათდება მოლეკულური კრისტალური მესრით:
იოდის კრისტალის აღნაგობა
ასეთი კრისტალური მესრის კვანძებში მოლეკულებია განლაგებული. მათში ბმა კოვალენტურია, გაცილებით მტკიცე, ვიდრე მოლეკულებს შორის მოქმედი სუსტი ვან-დერ-ვაალსის ძალები. ამიტომ შესაბამისი ნივთიერებები ნაკლებად მდგრადია, ადვილად აქროლადებია და დნობის დაბალი ტემპერატურა აქვთ. ატომური ნომრის გაზრდით იზრდება ატომური რადიუსი და ატომის ელექტრონული გარსი უფრო დეფორმირებადი ხდება. შედეგად იზრდება მისი პოლარიზებადობა და შესაბამისად იზრდება მოლეკულებს შორის ურთიერთქმედება და იცვლება აგრეგატული მდგომარეობაც: ფთორი და ქლორი აირია, ბრომი - სითხე, იოდი კი- მყარი ნივთიერება.