სტუმრები

აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთში. დღეს ამ სტუმრობაზე ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ ქენქაძე მოგვიყვება.



 

 

“ოქროს საწმისიდან“ ერაზმუსის პროექტში

- მარიამ გამარჯობა. პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში იყავით მიწვეული. მოგვიყევით ამ ვიზიტის შესახებ.

გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამ საოცარი გამოცდილების შესახებ. მე და ქიმიის პროგრამის სხვა რამდენიმე სტუდენტი 14-დან 21 მაისის ჩათვლით ვიმყოფებოდით ჩეხეთში ქალაქ პრაღაში ერაზმუსის პროექტის ფარგლებში. ჩვენი უნივერსიტეტი თურქეთის, იტალიის, ჩეხეთის, რუმინეთისა და უკრაინის უნივერსიტეტებთან ერთად ჩართულია ართვინის რეგიონის ზოგიერთი სამედიცინო და არომატული მცენარის მწვანე ქიმიური გამოყენებისადმი შესაძლებლობის შესწავლაში და პრაღაში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ართვინის ენდემური მცენარეებიდან გამოყოფილი ნივთიერებების ბიოლოგიურ აქტიურობაზე მოხსენება გააკეთა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა ნინა კულიკოვამ.

  

-როგორ შეირჩა თქვენი გუნდი პრაღაში გამგზავრებისათვის და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ?

აპრილში ჩვენს უნივერსიტეტმა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებთან ერთად დავაფუძნეთ და ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირი ქიმიაში „ოქროს საწმისი“.  ტურნირის ორგანიზებაში სტუდენტები ვიყავით ჩართული აქტიურად, სადაც გავიცანით ჩეხეთის გუნდის მენტორები პროფ. პეტრ ჰოლცჰაუზერი და მარტინ კუჩარი. ბატონი მარტინი ასევე ჩართული არის ზემოთ ნახსენებ ერაზმუსის პროექტში. ქიმიის ტურნირზე გარდა უშუალოდ ტურნირის ორგანიზებისა, ბევრ სხვა სამომავლო ერთობლივ გეგმებზეც ვსაუბრობდით. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა. ისინი მზად იყვნენ პრაღის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი უნივერსიტეტიდან სტუდენტებიც მიეწვიათ. ასე მოვხვდით ჩვენი უნივერისტეტის 10 სტუდენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორთან ერთად პრაღის სამუშაო შეხვედრაზე.

- მოგვიყევით უშუალოდ პრაღაში გატარებული დღეების შესახებ, უშუალოდ რას გულისხმობდა ეს ღონისძიებება?               

სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. ჩვენ  დავესწარით ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების გამოჩენილი პროფესორ-მკვლევარების მოხსენებებს და მოვისმინეთ კონკრეტული მცენარეების სამედიცინო გამოყენებისადმი მიძღვნილ კვლევებზე ინფორმაცია, დაწყებული ბუნებრივი ნაერთების ექსტრაქციიდან, დასრულებული მათი ინდუსტრიული გამოყენებით. გამორჩეული მომხსენებელი იყო საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ნინა კულიკოვა, რომელმაც წარმოადგინა კვლევა Hypericum და Ruscus Colchicus მცენარეთა სახეობებიდან გამოყოფილი ნაერთების ციტოტოქსიკურობის ინ ვიტრო განსაზღვრის მოდელზე.

 

ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი მასპინძლები გვრთავდნენ სხვადასხვა საინტერესო და პროდუქტიულ აქტივობებში. გავიცანით პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მრავალი დეპარტამენტისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს მათი ლაბორატორიების საქმიანობასა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. უნივერსიტეტის ორგანიზებით წაგვიყვანეს ქალაქის ტურზე, რომელიც დავასრულეთ სასიამოვნო ვახშმით ჩვენს მასპინძლებთან ერთად. ასევე ვიყავით ლაშქრობაზე ჩეხეთის ერთ-ერთ სოფელში.

 

- რამდენად პროდუქტიული იყო ეს ვიზიტი თქვენი სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით?

ვიზიტი ნამდვილად პროდუქტიული იყო. სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას დავამყარეთ მნიშვნელოვანი კონტაქტები სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენელ მეცნიერებთან და მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი შემდეგი საგანმანათლებლო ეტაპებისთვის მოსამზადებლად. რაც მთავარია, მივიღეთ შემოთავაზებები სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფების წევრობასთან დაკავშირებით. დავინახე, რომ შესაძლებლობები უსასრულოა და მონდომებისა და შრომის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

 

- ჩეხეთში სტუმრობისას მიღებულ რომელ კონკრეტულ გამოცდილებას გამოარჩევდით და რატომ?

ჩემთვის, და , დარწმუნებული ვარ , ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო ახალი ტიპის კვლევითი ბირთვული რეაქტორის ნახვა.  რეაქტორზე მომუშავე კვლევითმა პერსონალმა გაგვიზიარა დეტალური ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურების მუშაობის მექანიზმსა და ფიზიკურ-ქიმიურ საფუძვლებზე. ამ ყველაფერმა უკეთესად გამაცნო ბირთვული ქიმია, ასევე კიდევ უფრო ნათლად დამანახა ქიმიის დარგის მრავალფეროვნება და ამ პროფესიის არჩევის სისწორეშიც დამარწმუნა.

- და ბოლოს, როგორ შეაჯამებდით ამ ვიზიტს, რა გრძნობა გეუფლებათ საქართველოში დაბრუნებულებს და აპირებთ თუ არა ჩეხეთთან სამომავლო კავშირის დამყარებას.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ჩეხი მასპინძლებისა და აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოგვეცა განვითარების ასეთი უნიკალური შესაძლებლობა. ჩეხეთიდან დავბრუნდით ინსპირირებულები და ქიმიით უფრო მეტად აღფრთოვანებულები. ასევე ვამაყობთ იმ ფაქტითაც, რომ ქართველ და ჩეხ ქიმიკოსებს შორის არსებული პარტნიორობა მეტად განვამტკიცეთ. ჩვენი მოტივაცია გაასმაგებულია და გვინდა რომ იმაზე ბევრად მეტი ვაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაც შეეხება ჩეხეთთან (და ამაში ალბათ ჩვენს მასპინძელ უნივერსიტეტსა და პროფესორებს გულისხმობთ) კავშირს, ეს უკვე საკმაოდ მტკიცე კავშირია, ჩვენ ვაპირებთ მუდმივ თანამშრომლობაში ყოფნას ერთმანეთთან და ვგეგმავთ კიდევაც ვიზიტებს უახლოეს მომავალში როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში. კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი უნივერსიტეტის მიმართ, რომელიც მაძლევს საჭირო ცოდნასა და უნარებს იმისთვის, რომ შევძლო ყველაფერი, რასაც კი დავაპირებ. 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 06-06-2024