15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი
კითხვა:
რომელი ალოტროპიული ფორმები აქვთ დარიშხანს და ბისმუტს? შეადარეთ მათი ფიზიკური თვისებები. დარიშხანის რომელი ალოტროპიული ფორმა ჰგავს მეტალებს? რით განსხვავდება რუხი დარიშხანი, რუხი სტიბიუმი და ბისმუტი მეტალებისაგან?
პასუხი:
დარიშხანი რამდენიმე მოდიფიკაციას წარმოქმნის. ჩვეულებრივი მოდიფიკაციაა მეტალური-რუხი დარიშხანი, რომელიც მეტალისებრი ბზინვარებით ხასიათდება, დენს შედარებით კარგად ატარებს, არის მყიფე.
ყვითელი ფერის, ცვილივით რბილი ნახევარგამტარი დარიშხანის ალოტროპიული ფორმა მიიღება დარიშხანის ორთქლის სწრაფი გაცივებით. ეს სახესხვაობა არამდგრადია და სითბოს და სინათლის მოქმედებით ადვილად გადადის რუხ ალოტროპიულ ფორმაში.
შავი დარიშხანი მიიღება მინის კედელზე გახურებული AsH3-ის გატარებით. დარიშხანის ეს ამორფული ფორმა ადვილად გარდაიქმნება კრისტალურ ფორმად.
სტიბიუმისათვის დამახასიათებელია რამდენიმე ალოტროპიული ფორმა. ჩვეულებრივ პირობებში მდგრადია ნაცრისფერი სტიბიუმი. მისი ყვითელი ფორმა არამდგრადია. 80 °C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე გახურებით მიიღება შავი სტიბიუმი, რომელიც მეტად აქტიურია ნაცრისფერთან შედარებით. გაცხელებით შავი სტიბიუმი გადადის ნაცრისფერში. მეოთხე სახესხვაობაა ფეთქებადი სტიბიუმი, რომელიც მიიღება სტიბიუმის ჰალოგენიდის ელექტროლიზით. ფეთქებადი სტიბიუმი ამორფულია. გათბობით გადადის ნაცრისფერ მოდიფიკაციაში.
თავისუფალ მდგომარეობაში ბისმუტი მოწითალო-თეთრი ფერის მყიფე მეტალია. მისთვის არ არის დამახასიათებელი არამეტალური მოდიფიკაცია. მყარ მდგომარეობაში ბისმუტი ორატომიანია (მიუხედავად იმისა, რომ მეტალები ერთატომიანია), აირად მდგომარეობაში კი – ერთატომიანი.