15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
რატომ უწოდებენ ფოსფორს (კალციუმთან ერთად) ადამიანის “საყრდენ” ელემენტს? როგორია ფოსფორის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში? როგორია მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?
პასუხი:
ფოსფორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ელემენტია. თანამედროვე მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმი საშუალოდ, დაახლოებით 1,5 კგ ფოსფორს შეიცავს, რომლის თითქმის 88-89 % მოდის ძვლებზე. ის ორგანიზმის ზრდა-განვითარების აუცილებელი, შეუცვლელი ელემენტია. შედის თავის ტვინის, სისხლის, კუნთების, ღვიძლის ქსოვილების შემადგენლობაში. ძვლებში კალციუმის ფოსფატის შემცველობის გამო, მას ადამიანის „საყრდენ ელემენტსაც“ უწოდებენ. ფოსფორს ასევე შეიცავს კბილის ემალი და ა.შ. ფოსფორი ზოგიერთი ორგანული ნაერთის სახით არის თავის ტვინის მაფუნქციონირებელი ერთ-ერთ მთავარი ელემენტი, ამიტომ მას „აზროვნების ელემენტი“ უწოდეს (ა.ე. ფერსმანი). ფოსფორის ბევრი ნაერთი ეფექტური ბიოსტიმულატორია. მისი შემცველი პრეპარატები (ატფ და კოკარბოქსილაზა) უმნიშვნელოვანესი სამედიცინო საშუალებებია.