სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივესრიტის სტუდენტი, IChO-2019-ის მედალოსანი და IChTo-2023-ის ირგანიზატორი ლაშა ხუციშვილი



 

 

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი - 2023

 

- ქიმიის სულ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი არსებობს. ქიმიის საერთაშირისო ოლიმპიადის (IChO) გარდა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქიმიის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ცოტა განსხვავებული ფორმატით ტარდება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს ამ ტურნირის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. მოგვიყევით ამ ტურნირის შესახებ ცოტა დაწვრილებით.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი (IChTo – International Chemistry Tournament) განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ ღრმა ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით – ქიმიის მიმართულებით, და მოწადინებულნი არიან გამოსცადონ საკუთარი თავი საერთაშორისო დონის საასპარეზო გარემოში.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდა თაობაში კრიტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა, ქიმიური ლოგიკის და აზროვნების დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილება, ქიმიის პოპულარიზაცია და კიდევ ბევრი დადებითის ჩამოთვლაა შესაძლებელი.

კონკურსს საფუძვლად აქვს უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან წინასწარ ცნობილი, საკმაოდ რთული, ღიაბოლოიანი ამოცანები, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ ამოხსნა და წარადგინონ თანატოლების, მენტორებისა და ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე. ტურნირი არ ითხოვს ამოცანების პრაქტიკულ განხორციელებას, თეორიული მოდელის აწყობაა მთავარი. ეს ის ძირითადი განსხვავებებია, რომლებიც ამ კონკურსს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისგან (IChO – International Chemistry Olympiad) გამოარჩევს. თითოეული გუნდი შედგება 4-6 მოსწავლისგან, რომლებმაც ამ კონკურსზე თავიანთი გუნდი უნდა წარადგინონ.

ტურნირის ერთი სექცია მოიცავს 4 გუნდს, ჟიურის წევრებსა და მოდერატორს. ერთი სექცია შედგება 4 რაუნდისაგან, რომლებშიც მონაწილეთა 4 გუნდი ინაწილებს მომხსენებლის, ოპონენტის, რეცენზენტისა და დამკვირებლის როლს. ეს როლები თითოეულ რაუნდში ეცვლებათ გუნდებს ისე, რომ ოთხივე გუნდს მოუწიოს ოთხივე როლი. რაუნდის მიმდინარეობა ქვემოთ მოცემულ ბლოკსქემაზეა მოცემული. წესები კი ტურნირის ვებგვერდზე www.ichto.org  არის მოცემული.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი გუნდური კონკურსია, პირადი პრიზებით დაჯილდოებაც ხდება თითოეული მოსწავლის მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით.

 

- როგორი ისტორია აქვს ამ ტურნირს? სად ჩატარდა წინა წლებში?

2021-ში ტურნირი უნდა ჩატარებულიყო პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, თუმცა პანდემიის გამო ვერ შედგა. 2022 წელს ქიმიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა უნგრეთმა და ბუდაპეშტში ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 8 გუნდმა უნგრეთიდან, რუმინეთიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, ვიეტნამიდან და საქართველოდან. ტაილანდი და უნგრეთი ორ-ორი გუნდით იყო წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი ქვეყნები – თითო-თითო გუნდით.

 

- როგორც ჩანს ჩვენი გუნდისთვის დებიუტი იყო გასულ წელს. მოგვიყევით ჩვენი გუნდის შესახებ. გვქონდა რაიმე წარმატება?

საქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ: ქეთი პერანიძე, ნიკა მეტრეველი, ლიზი დარჩია და აჩიკო ბენაშვილი. გუნდის ლიდერები: თიკა ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია, ლაშა ხუციშვილი. საერთაშორისო ჟიურიში საქართველოს წარმომადგენელის სახით მე ვიყავი ჩართული. აღსანიშნავია, რომ 4 წევრისგან შემდგარი გუნდი მხოლოდ საქართველოს ჰყავდა. მიუხედავად მოსამზადებელი პერიოდის მოკლე ვადისა, ჩვენმა გუნდმა მაინც მოახერხა 3 პირადი ბრინჯაოს მედლით და ერთი სპეციალური პრიზით ჩამოსულიყო უნგრეთიდან.

 

- დებიუტისათვის უდავოდ დიდი მიღწევაა. გილოცავთ. საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივი და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაცაა. როგორც წესი, რამდენიმე წლით წინ არის ხოლმე განსაზღვრული შემდეგი მასპინძელი ქვეყნების ვინაობა, რათა მათ მომზადებისათვის სათანადო დრო გქონდეთ. როგორ მოხდა ჩვენს შემთხვევაში? დებიუტანტი ქვეყანა უცებ მასპინძელი გახდა.

უნგრეთში კონკურსის დამთავრების შემდეგ წამოიჭრა საკითხი, თუ სად უნდა ჩატარებულიყო მომდევნო ტურნირი (IChTo-2023). ვინაიდან საქართველოს აქვს გამოცდილება მსგავსი ტიპის ქიმიის კონკურსის ჩატარების (2016 წელს თბილისში ჩატარებული 48-ე ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა), ამიტომაც გამოვიჩინეთ ინიციატივა, რის შემდეგაც ორგანიზატორები და გუნდის ლიდერები სიამოვნებით დათანხმდნენ ჩვენს შემოთავაზებას.

 

- ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას მხოლოდ სურვილი, ენთუზიაზმი და ცონდა არ კმარა.  მნიშვნელოვანი საკითხია დაფინანსება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა.  სად იგეგმება ტურნირის ჩატარება?

წელს, 18-23 აგვისტოს, ქიმიის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში. საქართველოს აგრარული და თბილისი თავისუფალი უნივერსიტეტები უკვე წლებია ქიმიის საერთაშირისო ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა მომზადებაში აქტიურად არის ჩართული, 2016 წელს საქართველოში ჩატარებული ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტიც აგრარული უნივერსიტეტი იყო.  ამიტომ, როდესაც ამ ტურნირის ჩატარება გადავწყვიტეთ, პირველი დახმარებისათვის მათ მივმართეთ, რაზეც  დადებით პასუხთან ერთად მაქსიმალური მხარდაჭერაც მივიღეთ.

 

- რამდენი ქვეყნის მონაწილეობას ელოდებით მიმდინარე წელს?

წელს უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ვიდრე გასულ წელს იყო, რადგან უკვე გვიკავშირდებიან ახალი ქვეყნები მონაწილეობის პირობების დაზუსტების მიზნით. მონაწილეები უფრო დიდ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ. ვიმედოვნებთ რომ 10 ქვეყანაზე მეტი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას დრო აჩვენებს, რეგისტრაცია ახალი გამოცხადებულია და ჯერ კიდევ დიდი დროა მის დასრულებამდე.

 

- საერთაშორისო ოლიმპიადების და კონკურსებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო ნაწილი.  როგორ ხდება ამოცანების შერჩევა?

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში ამოცანის წარდგენის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ წელს შემოსულია უკვე 40-მდე განაცხადი. ყველა უაღრესად  საინტერესო ამოცანაა, თუმცა სამეცნიერო კომიტეტის წევრების  მიერ მიცემული ხმათა უმრავლესობით შეირჩევა 12 ამოცანა. საბოლოო არჩევანი მარტის ბოლოსკენ უნდა გახდეს ცნობილი.

 

- და მაინც რა სირთულის ამოცანებს უნდა ელოდნენ მონაწილეები?

საერთაშირისო  ტურნირია და ცხადია ამოცანები მარტივი არ  იქნება. ამ ამოცანებს  არ აქვს ცალსახა ამონახსნი თუ პასუხი. ამიტომ ყველაზე მთავარი ამოცანის (დასმული პრობლემის) ამოხსნის შემოქმედებითი მიდგომაა. ასევე მნიშვნელოვანია მისი წარდგენის ტექნიკა, გაფორმება, კითხევებზე სხარტი და ლოგიკური პასუხები და სხვა.

 

- როგორ შეირჩევა მოსწავლეები, რომელიც საქართველოს  სახელით იასპარეზებენ?

დიახ კარგი კითხვაა.  ვგეგმავთ გამოვაცხადოთ წინასწარი რეგისტრაცია ქართველი მონაწილეებისათვის. მათ უნდა მოამზადონ  ერთი ან ორი პრეზენტაცია ტურნირის საკონკურსო თემაზე, რომელსაც წარადგენენ სპეციალური ეროვნული ჟიურის წინაშე. წარმატებით გამოსვლის შემდეგ ჟიური გაუწევს რეკომენდაციას მოსწავლეებს საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეებისათვის. ამის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება შექმნან ერთი ან რამდენიმე გუნდი, აირჩიონ ლიდერი (მენტორი) და წარადგინონ განაცხადი უკვე საერთაშორისო ტურნირზე.  ასეთი მიდგომა ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სკოლაში სწავლობს.  ცხადია, ეს არ გამორიცხავს ერთ გუნდში ერთი სკოლის მოსწავლეების მოხვედრას.

გარდა ამ წინასწარი შერჩევის ორგანიზებისა, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ასევე იმუშავებს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ტურნირში მონაწილეობის მსურველ  მოსწავლეებს დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს. თუმცა საქართველოს ნაკრების შესარჩევ პროცედურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

იმისათვის კი, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ მიმდინარეობს ტურნირი და რა სირთულის ამოცანების პრეზენტირება ხდება, გიზიარებთ ვიდეოს ბმულს, რომელშიც უნგრეთის გუნდი ტურნირის მსვლელობის მოდელს წარადგენს. ვიდეოში განხილული ამოცანის არსი იყო, რომ მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მიიღებოდა მოლეკულა, რომელიც რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს შეიცავს.

 

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.  წარმატებულ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებას გისურვებთ.

 

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 06-02-2023