11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
რომელია სპილენძის, ვერცხლის და ოქროს აღმომჩენი რეაქციები? ჩამოთვალეთ მათი ერთმანეთისაგან დაცილების ხერხები.
პასუხი:
სპილენძის ნაერთები ალს მწვანედ ფერავენ, ვერცხლის კატიონი (Ag+) ქლორის ანიონთან (Cl-) წარმოქმნის წყალში და მჟავაში უხსნად თეთრ ხაჭოსებრ ნივთიერებას. ოქროს აღმოსაჩენად კი ოქროს აღადგენენ მეტალურ მდგომარეობამდე. თუ ხსნარი კონცენტრირებულია, გამოყოფილი ოქროს შემჩნევა არ არის რთული, ხოლო თუ ხსნარი განზავებულია, ხსნარის შეფერილობა სხვადასხვა იქნება, რაც განპირობებულია კოლოიდური ხსნარის ნაწილაკების ზომით და გამოყენებული აღმდგენელით.
სპილენძის, ვერცხლის და ოქროს ერთმანეთისგან დასაცილებლად იყენებენ ცხელ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას, რომელიც სპილენძს და ვერცხლს გახსნის შესაბამისი სულფატების წარმოქმნით: CuSO4 და Ag2SO4. CuSO4 კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში ცუდად იხსნება და ილექება ოქროსთან ერთად, შემდეგ ფილტრავენ და ჩარეცხავენ წყლით.