9.მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1.კობალტი

კითხვა:

კობალტ(III)-ის კატიონური კომპლექსებიდან რომელია მდგრადი?

 

პასუხი:

კობალტ(III)-ის კატიონური კომპლექსებიდან განსაკუთრებულად მდგრადია [Co(NH3)6]3+, რომელიც მთელ რიგ ანიონებთან წარმოქმნის მარილებს, რომელთა შესაბამისი ნაერთები Co(III)-თვის არ არის ცნობილი. კობალტ(III)-ის კომპლექსების მისაღებად ზოგადი მეთოდია Co2+-ის დაჟანგვა ხსნარში ჟანგბადით ან წყალბადის პეროქსიდით, გააქტივებული ნახშირის, როგორც კატალიზატორის და ლიგანდის თანაობისას. კობალტ(III)-ის ჰექსაამინის კომპლექსი მიიღება შემდეგი გზით:

4 CoX2 + 4 NH4X + 20 NH3 + O2 → 4 [Co(NH3)6]X3 + 2 H2O

ანალოგიური მეთოდით მიიღება კომპლექსი ეთილენდიამინთან. გარდა კატიონური და ანიონური კომპლექსებისა, კობალტ(III)-ისათვის დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი ნეიტრალური კომპლექსები, რომლებიც განიხილება, როგორც კატიონურიდან ანიონურზე გარდამავალი შუალედური პროდუქტები. კობალტ(III)-ის მნიშვნელოვანი კომპლექსია ვიტამინ B12:

ვიტამინ B12-ის მოლეკულა. ატომები წარმოდგენილია ფერადი ბურთების სახით: აზოტი - ლურჯი, ნახშირბადი - რუხი; ჟანგბადი - წითელი; წყალბადი - თეთრი; ფოსფორი - ნარინჯისფერი; კობალტი - ვარდისფერი.

ვიტამინ B12-ის ქიმიური აღნაგობა