"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 32 გვ.
რუსუდან არზიანი
სსიპ ქ. ფოთის მე-8 საჯარო სკოლა
რეზიუმე: ქიმია ძალიან საინტერესო და სახალისოა, ბავშვებს უყვართ ექსპერიმენტები, თუმცა მათ ამის ფუფუნება იშვიათად აქვთ, მაგრამ მაინც ვახერხებ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ვაზიარო ისინი ამ სიამოვნებას, მათ ეს ძალიან მოსწონთ და უხარიათ.
საკვანძო სიტყვები:
ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, ძალიან მინდოდა ადამიანებს ხორციელი ტკივილის მოშუშებაში დავხმარებოდი. ვაბარებდი კიდევაც სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროს მოქმედმა ბიუროკრატიულმა მექანიზმმა ვერ მიმიღო. ერთი ქულა დამაკლდა, მაგრამ გაპროტესტებული გამოცდის შედეგის ნახვის უფლებაც არ მომცეს. მიღებული ქულებით პედიატრიულზე ვხვდებოდი სამკურნალო ფაკულტეტის ნაცვლად, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო ჩემი ოცნება ვერ ასრულდა.
არასოდეს მიფიქრია ქიმიკოსობაზე, მაგრამ დღეს არ ვნანობ ჩემს არჩევანს, რადგან ქიმიამ სხვა თვალით შემახედა ცხოვრებაზე. ქიმია არის ქვეყნის თვალი და ყური. მე მიყვარს ბავშვების თვალით დანახული ქიმია. ყოველწლიურად ვზეიმობ კიდევაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად ქიმიის დღეს, ვაწყობთ ღონისძიებას „ჩვენი თვალით დანახული ქიმია“, სადაც არა მხოლოდ ქიმიაზე ვსაუბრობთ განყენებულად, არამედ ინტეგრირებულ ჭრილში განვიხილავთ უამრავ საკითხს და პრობლემას, წარმოვაჩენთ სიმღერით, სკეტჩით, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშით.
ქიმიის წყალობით დავუკავშირდი სხვადასხვა ორგანიზაციას ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და არაერთ ეროვნული თუ საერთაშორისო დონის პროექტში მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა მოსწავლეებმა. მოგებული გვაქვს პროექტები. ყოველწლიურად ვმონაწილეობთ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ შემოქმედებით კონფერენციაში, სადაც უამრავ საინტერესო საკითხს ვაწყდებით და ვიზიარებთ სხვების გამოცდილებასაც, ასევე ვმონაწილეობთ STEM პროექტებში, სადაც ვიყენებთ ქიმიაში დაგროვილ ცოდნას, ქიმიამ დამაკავშირა საქართველოში მოღვაწე ქიმიკოსებთან, ასევე სამინისტროს სხვადასხვა სიპებთან, საშუალო და ზოგადი განათლების დეპარტამენტთან, ვიყავი ამ დეპარტამენტის კურიკულუმის დანერგვისა და განხორციელების ექსპერტი, ამჟამად ვარ განათლების ხარისხის სამსახურის ექსპერტი, ვმონაწილეობდი მასწავლებელთა სტატუსის მინიჭების (პორტფოლიოს გადასინჯვა) სამსახურში მასწავლებლის სახლთან ერთად;
ქიმია ძალიან საინტერესო და სახალისოა, ბავშვებს უყვართ ექსპერიმენტები, თუმცა მათ ამის ფუფუნება იშვიათად აქვთ, მაგრამ მაინც ვახერხებ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ვაზიარო ისინი ამ სიამოვნებას, მათ ეს ძალიან მოსწონთ და უხარიათ.
გამოქვეყნებულია: 20-12-2024