"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 30-31 გვ.
ქიმია - ჩემი საოცარი სამყარო
ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა “ცისკარი”
რეზიუმე: ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ არის მოგზაურობა ქიმიური ელემენტებისა და ქიმიური რეაქციების საოცარ სამყაროში. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ხან პირდაპირ და ხან ირიბად, ქიმიას უკავშირდება. ბევრჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისა და მოსწავლეებისთვის: ,,ქიმია რომ არ ვიცოდე, ალბათ, არ მექნებოდა სამყაროს ისეთი აღქმა, როგორიც დღეს მაქვს, არ ვიქნებოდი ასეთი თავდაჯერებული, ვერ განვიცდიდი იმ დიდ სიამოვნებას, რომელსაც ქიმიურ სინჯარებსა და კოლბებში მიმდინარე რეაქციების ,,სიცელქე“ გვანიჭებს მე და ჩემს მოსწავლეებს“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ არის მოგზაურობა ქიმიური ელემენტებისა და ქიმიური რეაქციების საოცარ სამყაროში. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ხან პირდაპირ და ხან ირიბად, ქიმიას უკავშირდება. ბევრჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისა და მოსწავლეებისთვის: ,,ქიმია რომ არ ვიცოდე, ალბათ, არ მექნებოდა სამყაროს ისეთი აღქმა, როგორიც დღეს მაქვს, არ ვიქნებოდი ასეთი თავდაჯერებული, ვერ განვიცდიდი იმ დიდ სიამოვნებას, რომელსაც ქიმიურ სინჯარებსა და კოლბებში მიმდინარე რეაქციების ,,სიცელქე“ გვანიჭებს მე და ჩემს მოსწავლეებს“.
ჩვენ, ქიმიკოსები, ხომ განსხვავებულად შევიგრძნობთ მოვლენებს, მოლეკულურ დონეზე განვიცდით მათ და ცხოვრების ,,აქტივაციის ენერგიის“ ბარიერსაც განსხვავებულად, ორიგინალურად გადავლახავთ ხოლმე. ალბათ, არ ეწყინებათ კოლეგებს, თუ ვიტყვი რომ ვარაუდის გამოთქმაც ქიმიკოსების ძლიერი მხარეა, რაც ხშირად, თითქმის დაუძლეველ პრობლემას, მარტივად და ორიგინალურად გადაგვაწყვეტინებს ხოლმე.
ქიმია ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. თუმცა სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. ალბათ, გამოცდილება არ მყოფნიდა, არც სითამამე კითხვის დასმისთვის, თუმცა, ინტერესის გასაღვივებლად კი საკმარისი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. შრომისმოყვარეობამ და სამყაროს უკეთ შეცნობის დიდმა ინტერესმა გამიჩინა სურვილი დავახლოებოდი ქიმიის მეცნიერებას. ავირჩიე პედაგოგობა, რაც არასოდეს მინანია. ქიმიამ მასწავლა, თუ რა დიდი ძალა აქვს მოთმინებას, დაკვირვებას, სიზუსტეს. ქიმია ხომ ცხოვრებას ჰგავს, ქიმიური რეაქციები, ყოველთვის ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა, ვაკვირდებით, ვეძებთ მიზეზებს, განვიხილავთ „მოქმედ“ ფაქტორებს, ვეძებთ გამოსავალს და ვპოულობთ კიდეც. ამასობაში ვიზრდებით, ვყალიბდებით პიროვნებებად.
ქიმია არის ჩემთვის იარაღი სამყაროსთან დაახლოების. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, საკვები, რომელსაც მივირთმევთ, მედიკამენტები, რომელსაც ვიღებთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ყველაფერი, ქიმიური გარდაქმნების შედეგია. ორგანული ქიმიის ცოდნა მაძლევს საშუალებას ვაღიარო ბუნებრივი სამყარო დაწყებული სულ პატარა ზომის მცენარეებით- ფიტოპლანქტონით, რომელთა მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ხმელეთზე არსებული ჟანგბადის თითქმის ნახევარს შეადგენს, დამთავრებული ფერადი ჩიტებით, უნიკალური ფერთა პალიტრით, მეტალური ბზინვარების ბუმბულით. მხოლოდ ქიმიას შეუძლია ბუნების ამ სასწაულის ახსნა.
მე, როგორც ქიმიის მასწავლებელი ვცდილობ ეს საგანი მოსწავლეებამდე ფაქიზად მივიტანო, მათი ცხოვრების ,,კომპანიონადაც“ ვაქციო. ქიმიის გაკვეთილები, ჩემთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოსწავლეებს ფიქრი ვასწავლო, შემოქმედებითი უნარი გავუღვივო, ვარაუდის გამოთქმის საშუალება მივცე, ერთმანეთის აზრის პატივისცემასა და გუნდური მუშაობის წესებს მივაჩვიო. დამეთანხმებით, რომ ეს, ის უნარებია, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია და საწინდარია წარმატების . როგორ შეიძლება ვალენტობას, ან კიდევ ქიმიური ბმას უხსნიდე მოსწავლეებს და ეს ყველაფერი ადამიანების თანაცხოვრებასთან არ დააკავშირო, არ უთხრა მოსწავლეს, რომ კოვალენტური ბმა, რომელიც ელექტრონების გაზიარებით მყარდება, ატომებს შორის ძლიერი, მტკიცე ბმაა. ასე, რომ უნდა ისწავლონ გაზიარება ჭირისა და ლხინის. ლხინის გაზიარება ხომ სასიხარულოა, მაგრამ ჭირის გაზიარება კიდევ უფრო მნიშველოვანი და აუცილებელი, ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ! ჩემთვის ეს არის ,,ქიმია“, ეს არის ცხოვრება! ან კიდევ, ფრაზა ,,ყველა ნივთიერებას აქვს თავისი უნიკალური ფორმულა, რადგან მასში შემავალი ელემენტები ერთმანეთს უკავშირდება მკაცრად განსაზღვრული მასური თანაფარდობით“-ეს ხომ უკვე გენიალურია და ქიმიის, როგორც მეცნიერების, „უზენაესობაზე“ მიუთითებს.
სტექიომეტრული გამოთვლებით მოსწავლეებს ასწავლი სენდვიჩებისა და საყვარელი ტკბილეულის მომზადებას რეცეპტების გარეშე - წარმოუდგენელია
ხომ?! მოგყავს მაგალითები, სვამ კითხვებს: რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი? დაგრჩებათ თუ არა ზედმეტი? რომელი? გპასუხობენ ღიმილიანი სახეებით ზოგჯერ სწორად, ხანაც არასწორად, მაგრამ მერე რა?! მთავარია მათ კმაყოფილ სახეებს ხედავ, გრძნობ, რომ მათ სჭირდები, რათა მომდევნო გაკვეთილზე უკვე სწორად გიპასუხონ. ხსნი ქიმიური რეაქციის სიჩქარეს, და ეკითხები მოსწავლეებს: ,,გინდათ, რომ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები თქვენთვის სასურველი მიმართულებით მართოთ?“ რა თქმა უნდა, უნდათ! მთელი გულისყურით გისმენენ და შენგან ელიან, თუ როგორ ისწავლონ ,,ჯადოქრობა“. როგორ შეიძლება მათ უღალატო? მათი ცნობისმოყვარეობა არ დააკმაყოფილო? გისმენენ გულისყურით, გინდა, რომ მათი თვალები არ დაკარგო და გაკვეთილის ბოლომდე შენ გიყურებდენ. მოგყავს მაგალითები თუ როგორ აინჰიბირებს ყველასთვის კარგად ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება- ,,იბუპროფენი“ კატალიზურ რეაქციებს შენს ორგანიზმში, ინექცია თუ ტაბლეტი? რომელი უფრო სწრაფად გაგიყუჩებს ტკივილს? რატომ? მსჯელობენ, ხალისით გპასუხობენ, ეთანხმები, შეაქებ, უხარიათ, უფრო ინდომებენ. მაშინ, როცა მე-9 კლასელები ხსნარებს სწავლობენ, მეცნიერების და ტკბილეულის ,,გზაშესაყარზე“ ვამზადებთ შაქარყინულებს. ,,მოთმინება არის წარმატების გასაღები!“-ვეუბნები მე. - ,,რამდენიმე დღეში შაქრის ,,წარმატებული მოლეკულები“ გამოჩნდება“. მართლაც, არ ისურვეს ზენაჯერი ხსნარის ,,ტყვეობაში“ ყოფნა, გაერთიანდნენ შექმნეს განსაცვიფრებელი კრისტალური სტრუქტურები. ასე, ამ გზით არწმუნებ მოსწავლეებს რომ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქიმიას აწყდებიან. როგორ შეიძლება ქიმია არ ისწავლო?! მასწავლებელი, ხედავ ბავშვების კმაყოფილ, გაღიმებულ სახეებს და ,,საცრისოდენა“ თვალებს. ამ დროს გრძნობ, რომ გამოგივიდა, ბედნიერი ხარ! ეს არის ჩემი ,,ქიმია“, ამ დროს ვარ ბედნიერი და გამარჯვებული.
პროფესიას რომ თავიდან ვირჩევდე, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი და თან ისევ ქიმიას. მან ხომ სიყვარული, მოთმინება და მარტივად ცხოვრება მასწავლა.
გამოქვეყნებულია: 20-12-2024