სიახლეები

 

თინათინ ზარდიაშვილი: OLABS – რესურსი ქიმიის გაკვეთილისთვის

ჩვიდმეტი წელია, რაც ქიმიას ვასწავლი და ყველაზე მეტად ერთი მოსწავლის სიტყვები მახსოვს – „რა საცოდავი ვარ, ერთი ცდაც კი არ ჩამიტარებია“. საბედნიეროდ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებისთვის გამოაცხადა პროექტების კონკურსი. მეც დავწერე პროექტი, მუშაობის პროცესში სულ მარიამის სიტყვები ჩამესმოდა ყურში. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ პროექტი დაფინანსდა და სსიპ ქალაქ თბილისის N 143 საჯარო სკოლაში მოვაწყეთ საბუნებისმეტყველო დისციპლინების კაბინეტი. ბედნიერი ვიყავი, რომ მარიამი და მისი მეგობრები სიხარულით შემოდიოდნენ ქიმიაზე. ლაბორატორიაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იღებდნენ ფოტოებს, დაბალი კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ქიმიის სწავლის დაწყებას. ზოგი მოსწავლე ამბობდა, რომ ჩვენი სკოლა ევროპულ სკოლას ჰგავს, სხვა შეგრძნებაა ლაბორატორიაში გამოსვლაო. სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ჩვენს კაბინეტშიც ერთ-ერთი კლასი განთავსდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება რეალურ ექსპერიმენტებზე. ქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე ძალიან რთულია. ელექტრონული სიმულაციები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ექსპერიმენტს, არც ის ადრენალინი გამოიყოფა ორგანიზმში, რომელიც მოსწავლეების თვალებში ციცინათელებს აჩენს ხოლმე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გაკვეთილი მოსაწყენი მაინც არ იყოს. ამიტომ სულ ვეძებ ინტერნეტის ლაბირინთებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ვირტუალურ ლაბორატორიებსა და სიმულაციებს. მივაგენი კიდეც საინტერესო საიტს: http://www.olabs.edu.in/. ის დაფინანსებულია ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. მასზე განთავსებულია ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ინგლისურის ლაბორატორიები და აპლიკაციები. მთავარ გვერდზე ჩანს საგნების ჩამონათვალი. კონკრეტული საგნის არჩევის შემდეგ კლასების მიხედვით გაიხსნება ყველა სიმულაცია.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 15-04-2022