სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, "თაკოს ფონდის" სტიპენდიანტი მარიკა მეგრელისვილი
ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში
- მარიკა, პროტონი
თუ ელექტრონი?
- ერთი წამით უნდა
დავფიქრდე (ფიქრობდა შვიდწუთნახევარი). ყველა იტყვის ელექტრონიო, ბმებს დავამყარებდით
და კომუნიკაციაში შევიდოდითო, მაგრამ პროტონი განსაზღვრავს მეობას. არ ვიცი, ძალიან
რთულია პასუხი
- გამხსნელი იქნებოდი
თუ გახსნილი ნივთიერება?
- ერთი რომ ვიყო, მეორე
დამჭირდებოდა, მეორე რომ ვიყო პირველი დამჭირდებოდა.
- თეთრი ხალათით უფრო
თამამი ხარ თუ მის გარეშე?
- (ბებო გაახსენდა)
დასვრილი ხალათით ვარ თამამი.
- რატომ გახდა ქიმია
საინტერესო შენთვის?
- ქიმია ჩემი ინტერესის
სფერო მერვე კლასიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტობაში სასურსათო ტექნოლოგიამ
დამაინტერესა და აღნიშნულ პროგრამაზე ჩავაბარე კიდეც. ეს დაინტერესება ეფემერული აღმოჩნდა
და მალევე ქიმიის პროგრამის სტუდენტი გავხდი. საინტერესოა, როგორ შეუძლია თვალით უხილავ
ნაწილაკებს მოგვცეს სამყარო, რომელიც ,,გვაქვს უთვალავი ფერითა". მცირედი დაკვირების
შემდგომ აღმოვაჩინე, როგორ ჰგავს მოლეკულების სამყარო და წეს-ჩვეულებანი ადამიანებისას.
ამიტომ საინტერესოა მათი შესწავლა, რადგან ზოგჯერ მოლეკულების ქცევაში ჩვენს თავს დავინახავთ
ხოლმე, და ალბათ დამეთანხმებით, არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე საკუთარი თავის შეცნობა.
- ქიმია უფრო ფილოსოფიაა
თუ ფილოსოფიაა უფრო ქიმია?
- ალბათ უფრო პირველი.
- ხილული სპექტრის
ნათება უფრო დასაფასებელია თუ უხილავის?
- რომ მეკითხებით ეს
თუ ისო, არ არსებობს სიკეთე ბოროტების გარეშე, სიყვარული სიძულვილის გარეშე და შავი
თეთრის გარეშე, მაგრამ მიკროტალღური გამახსენდა...
- შენი იზოტოპი როგორი
წარმოგიდგენია?
- ჩემი იზოტოპი არის
კაპიტანი ამერიკა.
-რა წაახალისა შენში
„თაკოს ფონდის“ სტიპენდიამ?
- ჩემთვის ძალიან დიდი
პასუხისმგებლობაა, ვიყო ,,თაკოს ფონდის" სტიპენდიატი. ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას,
გავაკეთო დღითიდღე უფრო მეტი და მეტი ჩემს პროფესიაში. სტიპენდია დამეხმარა ფინანსურად,
რაც სწორედ იმის წინაპირობაა, რომ ჩემი დრო და ენერგია მეტად მოვახმარო სწავლას.
ამ შესაძლებლობამ მომცა
განსაკუთრებული ძალა და თავდაჯერება, რათა ყოველდღიურად, მიუხედავად დაბრკოლებებისა,
ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი რაც შეიძლება ახლოს იყოს ერთთან.
- ანუ სტიპენდია შენი
კატალიზატორია?
- ცალსახად, ეს კატალიზატორი
მუდმივად ტონუსში მამყოფებს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
- პატარა მარიკაში
ცხოვრობდა ქიმიკოსი მარიკა?
- რატომ წარსულში?
რადგან ახლა უფრო პატარად ვგრძნობ თავს, ვიდრე ასე ვთქვათ ბავშვობაში.
- მეცნიერების სწავლას
რა ზოგადი უპირატესობა აქვს?
- ზოგადად, კაცობრიობის
ისტორიაში ყველაფერი, რაც ცივილიზაციისთვის წინსვლის მომტანი შექმნილა, მეცნიერების
დამსახურებაა. თუნდაც ახლა იმ ფაქტს რომ ამ ინტერვიუს ვიწერთ და ადამიანების ვუზიარებთ,
სწორედ მეცნიერებას უნდა ვუმადლოდეთ. შესაბამისად, ძლიერ საამაყოა ისეთ სფეროში გქონდეს
გამოცდილება და განათლება, რომელსაც მხოლოდ ცალკეული პიროვნებისთვის არ მოაქვს სარგებელი
და უფრო ფართო მასშტაბებზე გადის.
- ჩვენი საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების სკოლა შენთვის ენდოთერმულია თუ ეგზოთერმული?
- დროგამოშვებით ენდოთერმულია,
ხანაც ეგზოთერმული. ვიმედოვნებ, ჯამურად ეგზოთერმული იქნება.
- შედეგია შრომის შედეგი
თუ შრომაა შედეგი?
- ვნების სიმძაფრე
შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.
ესაუბრა ანა კვერენჩხილაძე
გამოქვეყნებულია 28-10-2026
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები

