სიახლეები
დიდი დანაკლისი
საქართველოს ქიმიურმა საზოგადოებამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი დანაკლისი განიცადეს - გარდაიცვალა ქართული ქიმიის პატრიარქი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ სუპატაშვილი.
ბატონი გურამი, წლების მანძილზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქიმიის ფაკულტეტის დეკანი და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით კათედრამ განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია. დაიხვეწა მისი სტრუქტურა, გაფართოვდა და უფრო აქტუალური გახდა კათედრის სამეცნიერო თემატიკა, შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, აღიზარდა ახალგაზრდა ნიჭიერ, ენერგიულ ანალიტიკოსთა მთელი პლეადა; გამოიცა საინტერესო სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები; შემოღებულ იქნა ახალი, თანამედროვე სასწავლო კურსები; ამაღლდა სტუდენტთა სწავლების დონე.
დარგის პრობლემებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, ხედვები და გადაჭრის გზები, ცინცხალი გონება, წიგნიერება, ღრმა აზროვნება, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, პრინციპულობა და ობიექტურობა, პატიოსნება, მომთხოვნელობა როგორც საკუთარი თავისადმი, ისე თანამშრომლებისა და სტუდენტებისადმი, უშურობა, სხვისი ნიჭის და ცოდნის დაფასება, მისთვის გაკეთებული სიკეთის დანახვის უნარი, მაღალი კულტურა და ზრდილობა, ზურგსუკან პიროვნების დაცვა და გაჭირვების დროს გვერდში დგომა – ეს ის თვისებებია, რითაც პროფესორი გურამ სუპატაშვილი ხასიათდებოდა!
ვამაყობ, რომ ბატონი გურამი ჩემი დეკანი და ლექტორი იყო. მისი ლექციები გამოირჩეოდა მასალის მოწოდების არაჩვეულებრივი მეთოდით, ინფორმაციის სიღრმით და ოპტიმალური ტევადობით, სადა, სტუდენტებისთვის გასაგები ენით, რომელიც შეზავებული იყო სხარტ, გონებამახვილ იუმორთან.
საქართველოს ქიმიური საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ პროფესორ გურამ სუპატაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის შესანიშნავ ოჯახს, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრას, მის ყველა ყოფილ სტუდენტს და მოწაფეს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული.
ნოდარ ლეკიშვილი
საქართველოს ქიმიური საზოგადოების თავმჯდომარე,
თსუ ემერიტუს პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი
გამოქვეყნებულია: 13-06-2021