სიახლეები
IChO-2020
ქიმიის რიგით 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) მასპინძელი ქვეყანა წელს თურქეთია და ქართველი ბავშვები მასში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად იასპარეზებენ.საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით შეირჩა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.
თურქეთი, რომელმაც მასპინძლის სტატუსი 2018 წელს მოიპოვა, ოლიმპიადისთვის ორი წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ემზადებოდა თუმცა, პანდემიის გამო, ოლიმპიადა 23-28 ივლისს დისტანციურად და მხოლოდ ერთი, თეორიული ტურით ჩატარდება.
თეორიული ტური, რომელიც 25 ივლისს თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყო, ხუთი საათი გრძელდება და მასში ქართველი მოსწავლეები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ჩაერთვებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IChO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკით და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა (კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები). გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა და დამტკიცება, თარგმნა, არბიტრაჟი და თვით დაჯილდოების ცერემონიალიც კი.
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა (IChO) 1968 წელს პრაღაში დაიწყო და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის 100-მდე ქვეყანაა ჩართული. საქართველო, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს.
წყარო
გამოქვეყნებულია: 24-11-2020