სიახლეები

 

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ღვალაძემ. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა. კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წელს მეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ის გამოხმაურება და დიდი ინტერესია, რომელიც კონკურსმა მოიპოვა. იგი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. კონკურსში საქართველოს მოსწავლეებთან ერთად სხვა ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18-წლამდე მოზარდებიც ჩაერთვნენ.

კომისიის მიერ 4 საუკეთესო პროექტი შეირჩა, გრანპრის მფლობელი სოსო მამუკაშვილი გახდა გამოგონებისათვის ”გონიერი მზის ენერგიის მიმღები წყარო”, იგი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასულ ქართულ-უკრაინული პროექტის ავტორებს გიორგი პოპოვსა და ბოგდან ეგიკოვს 5 000 ლარი გადაეცათ, მეორე ადგილზე გავიდნენ და 3 000 ლარი გადაეცათ პროექტის ”ჭკვიანი ფანჯარა” ავტორებს: ავთანდილ ციცქიშვილს, ლაშა აბაშიძესა და რევაზ ჭანიძეს, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა და 2 000 ლარი ერგო მოლდოველ ვერონიკა კაზაკს. ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტების ავტორებიც. გამოფენის ყველა მონაწილე კი, პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდება. კონკურსის ფარგლებში ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკისა და საინჟინრო სფეროებში. მათგან ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები პავილიონში გამოიფინა. მათი ავტორები ორი დღის განმავლობაში საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციებს გააკეთებენ და დამთვალიერებლის კითხვებს უპასუხებენ. გამოფენას დაესწრებიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები.

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

www.rustaveli.org.ge

 

 

გამოქვეყნებულია: 13-01-2012