სიახლეები

 

დასრულდა ქიმიის საერთაშორისო მე-6 ტურნირი (IChTo-2023)

გუშინ, 22 აგვისტოს, დასრულდა ქიმიის საერთაშორისო მე-6 ტურნირი (IChTo-2023), რომელსაც  წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდა მექსიკის, რუმინეთის, უნგრეთის (2 გუნდი), სინგაპურის, ტაილანდისა (2 გუნდი) და საქართველოს გუნდები.

ტურნირი, 19 აგვისტოს დაიწყო და  მონაწილე გუნდები ერთმანეთს სამი დღის განმავლობაში ეპაექრობდნენ რთული სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის დემონსტრირებაში, ოპონირებასა და მიმოხილვაში. თითოეული გუნდის სხვადასხვა ამპლუაში გამოსვლას აფასებდა საერთაშორისო ჟიური.

მიღებული შედეგების მიხედვით,  სხვადასხვა ნომინაციაში გაიცა როგორც გუნდური, ისე პირადი მედლები და სერტიფიკატები. ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი Hungarian Team Red (უნგრეთი), რომელსაც გადაეცა ოქროს მედლები და სპეციალური თასი. მას უმნიშვნელოდ ჩამორჩა სინგაპურის გუნდი OgaNUSHon და უნგრეთის მეორე გუნდი Hungarian Team Green. ქულათა შორის მცირე განსხვავების გამო ჟიურის გადაწყვეტილებით ორივე გუნდს ვერცხლის მედლები მიენიჭა და შესაბამისად, მეოთხე ადგილოსანმა ტაილანდის გუნდმა KVIS მესამე ადგილზე ამოინაცვლა და ბრინჯაოს მედლებს დაესაკუთრა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი (არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი) მოიპოვა. გუნდი დაკომპლექტებული იყო თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით. საქართველოს  გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარსდგა.

საქართველომ ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ბუდაპეშტში (უნგრეთი) ჩატარდა,  შარშან პირველად მიიღო მონაწილეობა. ტურნირის საქართველოში ჩამოტანა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ხუციშვილის დიდი ძალისხმევის შედეგია, რომელიც ამავდროულად, წელს, ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ.

როგორც ტურნირის დასასრულს მონაწილე გუნდებმა აღნიშნეს, ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც  საორგანიზაციო ჯგუფის წევრების, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების რომეო კარაპუტაძის, ბექა რეხვიაშვილის, მაკინე არაბულის, კესო კვარაცხელიას, ანა შავშიშვილის, ლიზა შახ-ნაზაროვის, ნუცა შერმადინის, ამიკო სულიკაშვილის, ელენე ბერიძის, მარიამ ნავროზაშვილის, მანანა გიქოშვილის, კესო გორგოძისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თამარ ხატისაშვილის, როინ ბერულავას, ავთანდილ გიორგაძისა და ლუკა ვაჩაძის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. 

ტურნირის ყველა ატრიბუტის დიზაინი შესრულებულია ThinkUp  Studio-ს (მარიამ ელიზბარაშვილი) მიერ.

 

IChTo-2024-ის მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

დაჯოლდოების ცერემონიალის ფოტო მასალა:

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 23-08-2023