სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის 180-ე საჯარო სკოლის და ოლიმპიადა “ზურგჩანთას“ ბრინკაოს მედალოსანი თიკო ონიანი



 

 

მიყვარს სირთულეების დაძლევა და ამ საგანშიც დავინახე ბევრი საინტერესო და რთული გამოწვევა.

- გამარჯობა, მოგვიყევით თქვენს შესახებ.

მოგესალმებით, მე ვარ თიკო ონიანი, ვსწავლობ თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში, ვარ მეათე კლასში. ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვიყავი STEM საგნებით.

 

- რამ განაპირობა თქვენი ქიმიისადმი ინტერესი?

ზოგადად მიყვარს სირთულეების დაძლევა და ამ საგანშიც დავინახე ბევრი საინტერესო და რთული გამოწვევა, ამიტომაც დავინტერესდი. ოჯახშიც მყავს ამ პროფესიის წარმომადგენელი და, შესაბამისად, ბავშვობიდანვე მქონდა შეხება ქიმიასთან. ინტერნეტშიც ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა ცდების ვიდეოები და მინდოდა გამეგო როგორ ხდებოდა ამა თუ იმ რეაქციის წარმართვა და თავადაც შემძლებოდა მათი ჩატარება.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ? 

სკოლის შესახებ შევიტყვე ოჯახის წევრისგან. ინტერნეტი სივრცეში მანამდე არ შემხვედრია ასეთი პლატფორმა და გადავწყვიტე ამ გზით გამეღრმავებინა ქიმიის ცოდნა, გამეცნო საერთო ინტერესების მქონე ადამიანები.

 

- რა  ისწავლეთ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთის" მეშვეობით?

ამ სკოლის მეშვეობით ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, დავიკმაყოფილე ჩემი ინტერესები და გავიღმავე ცოდნა. ამასთან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. “ზურგჩანთის” მეშვეობით მიღებული ცოდნა დამეხმარა სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. ეს სკოლა არ ჰგავს სხვებს. აქ თითოეული მოსწავლე მაქსიმალურად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლები ჩვენს კითხვებს ამომწურავად პასუხობენ და ყველაფერს ძალიან გარკვევით, მოლეკულების დონემდე გვიხსნიან.

 

- თიკო რესპუბლიკური ოლიმპიადა „ზურგჩანთის“ მე-X კლასის ბრინჯაოს მედალოსანი ხართ, გილოცავთ და კვლავ წარმატებებს გისურვებთ. მაინტერესებს აპირებთ თუ არა მომდევნო წელს ონლაინ სკოლა „ზურგჩანთაში“ სწავლის გაგრძელებას და შემდეგ ოლიმპიადაში მონაწილეობას?

პირველ რიგში, მადლობა. მომავალ წელს ვაპირებ გავაგრძელო სწავლა ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში”, ვინაიდან ქიმიის ცოდნა ჩემი სამომავლო გეგმების ასრულებაში მჭირდება. და, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ ოლიმპიადაშიც, ვინაიდან ამით გამოვცდი ჩემს შესაძლებლობებს, მივიღებ გამოცდილებას და შევეცდები შედეგის გაუმჯობესებას.


- რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

ონლაინ სკოლამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ველოდი სკოლას, საიდანაც მივიღებდი გარკვეული დონის ცოდნას. ვფიქრობდი, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება არ გაცდებოდა გაკვეთილის ფარგლებს. თუმცა, სკოლაში დარეგისტრირების დღიდან მასწავლებლები დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეების ინტერესებს, თუნდაც არა საგაკვეთილო დროს. ჩვენს მიერ დასმული არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ვისურვებდი ამ პროექტის გაგრძელებას.

 

 

 

ესაუბრა თამარ ცეცხლაძე

გამოქვეყნებულია 13-06-2022