სტუმრები

ჩვენი სტუმარია ანა ჯინჭარაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის მე-11 კლასისა და სკოლა “ზურგჩანთის” მე-10 კლასის მოსწავლე.



 

 

“ზურგჩანთა” ჩემთვის მხოლოდ სკოლა არ არის...

- გამარჯობა, მოგვიყევით თქვენს შესახებ.

გამარჯობა, მე ვარ ანა ჯინჭარაძე ქვენობნის საჯარო სკოლის მე-11 კლასისა და სკოლა “ზურგჩანთის” მე-10 კლასის მოსწავლე. განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლით.  ჩართული ვარ ბევრ საგანმანათლებლო პროექტში და სასკოლო კლუბებში.

 

- რამ განაპირობა თქვენი ქიმიისადმი ინტერესი?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი უკავშირდება ჩვენს სკოლაში არსებული კლუბის საქმიანობას, რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა დაცული ტერიტორიები. ამ მიზნით მოვინახულეთ მტირალას ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა და ჭაობის ეკოსისტემა, აჯამეთის დაცული ტერიტორია და სხვა. მე-8 კლასში, როცა დავიწყე ქიმიის შესწავლა, გაკვეთილზე ჩატარებულმა მარტივმა ექსპერიმენტებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, როცა ჩავეწერე ნორჩ ქიმიკოსთა კლუბში. მონაწილეობა მივიღე 2019 წლის 25 მაისს ქუთაისში ჩატარებულ კონფერენციაზე “ოქროს რიცხვი”. ეს დღე დაუვიწყარი იყო.

ქიმიისადმი ინტერესმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ბუნების შესასწავლად მხოლოდ მასზე დაკვირვება არ არის საკმარისი, ამისთვის საჭიროა ჩავიხედოთ მოლეკულების სამყაროში.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ? 

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას” შესახებ შევიტყვე სოციალური ქსელის მეშვეობით და გადავწყვიტე გავმხდარიყავი ამ სკოლის მოსწავლე, რადგან იგი საშუალებას მაძლევდა გამეღრმავებინა და მიმეღო ახალი ცოდნა, მიმეღო მონაწილეობა მრავალფეროვან აქტივობებში, გავცნობოდი ქიმიით დაინტერესებულ ჩემს თანატოლებს, რომლებთან ერთადაც ბევრი ამოცანის გადაწყვეტა შევძელი, რაც ჩემს სოციალურად განვითარებასაც უწყობს ხელს.

 

- რა  ისწავლეთ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთის" მეშვეობით ?

სკოლა “ზურგჩანთის” მეშვეობით უფრო ღრმად შევისწავლე ქიმია. ვისწავლე ჩემი ცოდნის ორგანიზება, დასკვნების გაკეთება, ამოცანების სხვადასხვა ხერხით გადაწყვეტა. აქვე გავეცანი ისეთ პედაგოგებს, რომლებიც თავის საგანზე არიან შეყვარებულნი. ეს სკოლა არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობის მაგალითი. მასწავლებელიც და მოსწავლეც თანაბარ მონაწილეობას იღებდა გაკვეთილის მსვლელობის პროცესში. “ზურგჩანთა” ჩემთვის მხოლოდ სკოლა არ არის, ეს არის ერთი დიდი  ოჯახი, სადაც ქიმია უყვართ.

 

- რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

ამ სკოლამ მოლოდინს გადააჭარბა მისი ორგანიზებულობით, ტექნიკური გამართულობით და აკადემიური ცოდნით. ამ სკოლის წევრი პირველივე დღიდან ვარ, ყოველ გაკვეთილზე დიდი ინტერესით შევდივარ და კმაყოფილი ვბრუნდები. ვისურვებ, რომ სკოლამ კიდევ დიდხანს გააგრძელოს არსებობა.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 05-06-2022