სტუმრები
დღეს ჩვენი გვერდის სტუმარია აფხაზეთის მე-10 საჯარო და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მოსწავლე ბექა ყალიჩავა
გაინტერესებს სამყაროს არსი?! ისწავლე ქიმია!!!
გამარჯობა ბექა, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ ჩვენ და ჩვენი ვებგვერდის მკითხველებს.
მე ვარ ბექა ყალიჩავა, ჩხოროწყუდან, ვსწავლობ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში, მყავს აქტიური და მეგობრული თანაკლასელები და ძალიან მოსიყვარულე დამრიგებელი.
ოჯახის ორი წევრი, დედა და მამიდა ქიმიის წამყვანი მასწავლებლები არიან, მამა კი მათემატიკის, ძმა -ბაკურ ყალიჩავა ასევე ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთას" მოსწავლეა.
თავისუფალ დროს მიყვარს ჭადრაკის თამაში, ვარ მე-5 კიუს მფლობელი შოტოკან კარატე დო-ში.
ძალიან დატვირთული გრაფიკით ცხოვრობთ. მაგრამ ქიმიისათვის მაინც გამონახეთ დრო...
ქიმიისადმი ჩემი ინტერესი განაპირობა ოჯახურმა გარემომ და საგნის პედაგოგმა. ამასთან ერთად ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც.
რატომ ან როგორ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?
ონლაინ სკოლაში დარეგისტრირება დედამ მირჩია, ძალიან დამაინტერესა და გამიხარდა ასეთი პროექტის არსებობა და მაშინვე დავრეგისტრირდი.
პირველ რიგში დიდი მადლობა ნდობისათვის. თითქმის ეთი წელი გავიდა, რაც ამ სკოლა სწავლობთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი?
ვთვლი, რომ ონლაინ სკოლის მოსწავლეებს ძალიან გაგვიმართლა, რადგან აქ ქიმიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები გვასწავლიან, ახალ მასალას ვეცნობით საინტერესო პრეზენტაციების საშუალებით, გაკვეთილის ბოლოს კი მიღებულ ცოდნას განვამტკიცებთ ტესტური დავალებებით.
სასწავლო პროცესი საინტერესო და ინტერაქტიურია, გარემო კი თბილი და საქმიანი.
ქიმია პრაქტიკული საგანია და აქ მიღებულ ცოდნას თუ იყენებთ ან თუ გადგებათ სადმე?
ონლაინ სკოლაში მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ სასკოლო გარემოში, ვარ უფრო თავდაჯერებული, აქედან გამომდინარე ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი “ზურგჩანთამ“, ამისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს, პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებ მათ ყველა სასიკეთო საქმეში.
დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებას. ამავდროულად ვიტოვებთ იმედს, რომ შემდეგ წელსაც გააგრძელებთ სწავლას ჩვენს სკოლაში.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 24-05-2022