სტუმრები
სკოლა „ზურგჩანთა“ გთავაზობთ ქიმიის დისტანციურ სწავლებას. ეს არის სკოლა, რომელიც მუდამ თქვენს გვერდითაა.ჩვენთან თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ ქიმია საფუძვლიანად, შეასრულოთ საკლასო თუ საშინაო დავალებები და შეამოწმოთ თქვენი ცოდნა დამოუკიდებლად.
საგანმანათლებლო პორტალი „ზურგჩანთა“
- მოკლედ მოგვიყევით ახალი პროქტის შესახებ?
მიმდინარე წელი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისათვის საიუბილეოა. წელს დაარსებიდან 10 წელი შეგვისრულდა. როგორც წლის დასაწყისში განვაცხადეთ, მიმდინარე წელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ საზოგადოებას. ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“, რომელიც წარმოადგენს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას.
- რას წარმოადგენს ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?
- „ზურგჩანთა“ ონლაინ სკოლაა, რომელიც შექმნილია ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის. სკოლაში რეგულარულად, კვირაში ორი საათი დატვირთვით ჩატარდება გაკვეთილები zoom-ის პლატფორმით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის. გარდა ამისა, იმუშავებს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელშიც მოსწავლეები დაეუფლებიან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადების ამოცანების ამოხსნის ტექნიკას და შეისწავლიან შესაბამის თეორიულ მასალას.
- რა პროგრამით ჩატარდება სწავლება?
- მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის სასწავლო პროგრამა მჭიდრო კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა არ არის მხოლოდ იმ საკითხებით შემოფარგლული, რომელიც ესგ-შია მოცემული. ჩვენთან ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ველოდებით, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ქიმიის უფრო ღრმად შესწავლის საშუალება. რაც შეეხება „გაღრმავებული“ სწავლების ჯგუფს, მისი პროგრამა შედგენილია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) სილაბუსის მიხედვით. დეტალურად პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე: www.chemistry.ge/school/programs.php
- რა სასწავლო რესურსებით აპირებთ სწავლებას?
- ჩვენს სკოლაში სწავლებას ძირითადად საკუთარი სასწავლო რესურსებით ვაპირებთ. ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ და დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით შევქმენით სასწავლო რესურსები (ელ-წიგნები, პრეზენტაციები, ტესტები და დავალებები). ჩვენი რესურსების ავტორები არიან გია ხატისაშვილი, თინათინ ბუთხუზი, ემზარ ლომიძე, სოფიკო ფაცაცია, თამარ ხატისაშვილი, მარინე კუჭუხიძე და გია ადამია. გარდა ამისა, ისინი შედიან სკოლის სამეთვალყურეო საბჭოში და კოორდინაციას გაუწევენ სასწავლო პროცესის დროს სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას.
- ვინ განახორციელებს სწავლებას?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ძალიან მჭიდროდ ვიქნებით ჩართული სწავლების, უშუალოდ გაკვეთილების ჩატარების, პროცესში. მათ გარდა სწავლებაში ჩავრთავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ასწავლიან ან მომავალში აქვთ გადაწყვეტილი მასწავლებლობა. ასეთი რამდენიმე ახალგაზრდა უკვე დაინტერესდა. მათ ჩვენი პორტალის მასწავლებლების გვერდზე ნახავთ.
- ვის შეუძლია სწავლა „ზურგჩანთაში“?
- ჩვენს სკოლაში სწავლა შეუძლია ქიმიით დაინტერესებული ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. უფრო მეტიც, მათ ერთდროულად შეუძლიათ რამდენიმე კლასში ისწავლონ, თუ შესაბამის პროგრამას დაძლევენ. მაგალითად, თუ მოსწავლე მე-8 კლაში სწავლობს და თვლის, რომ მისთვის უფრო საინტერესოა მე-9 კლასის პროგრამა (მე-8 კლასის პროგრამას უკვე ფლობს), ჩვენგან შეზღუდვა არ ექნება.
- რა არის საჭირო „ზურგჩანთაში“ სწავლისათვის?
- ჩვენთან სწავლა უფასოა. დაინტერესებულმა მოსწავლემ ამა წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ სკოლის ვებგვერდზე www.chemistry.ge/school/signup.php. რეგისტრაციის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციიდან რამდენიმე დღეში მიიღებს მეილს ავტორიზაციისა და კლასში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას.
- როგორ ჩატარდება გაკვეთილები?
- გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ zoom პლატფორმის გამოყენებით. თითოეული გაკვეთილისათვის გამოყოფილია მინიმუმ ერთი ასტრონომიული საათი. მეცადინეობები ორიენტირებული იქნება როგორც მასალის მიწოდებაზე, ისე თეორიული საკითხების პრაქტიკულ გამოყენებაზე (ამოცანების ამოხსნა, პრეზენტაციების მომზადება და ა.შ). გარდა ამისა, მოსწავლეთა მიღწევები გაიზომება პერიოდული შეფასებით და განისაზღვრება მოსწავლეთა წარმატებულობის რეიტინგი.
-კიდევ რას სთავაზობს „ზურგჩანთა“ ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს?
- გარდა რეგულარული სწავლებისა, ჩვენი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ქიმიის ოლიმპიადას. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. პირველი და მეორე ტური იქნება დისტანციურად, თუმცა ონლაინ დაკვირვების პირობებში. მესამე ტური ჩატარდება უშუალო მონაწილეობით შემდეგი წლის ზაფხულში. ოლიმპიადის დებულება და ჩატარების პირობები ამჟამად მუშავდება და სრული ინფორმაცია ძალიან მალე გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
- ვის აქვს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება?
- ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ მოსწავლეს, იმისდა მიუხედავად არის ის ჩვენი სკოლის მოსწავლე თუ - არა.
- რა ფინანსური საშუალებით იქმნება სკოლა „ზურგჩანთა“?
- სკოლა „ზურგჩანთა“, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და სწავლებას, ხორციელდება ასოციაციის რესურსებით. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი წევრებით, რომელთაც აერთიანებს ქიმიის დარგის სიყვარული და მზად არიან უანგაროდ გაუწიონ დახმარებას ქიმიის შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. რაც შეეხება ოლიმპიადის ორგანიზების ნაწილს, პროექტის ეს ნაწილი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტების ფარგლებში. სპქა დიდ მადლიერებას გამოხატავს ფონდის მიმართ, რომლის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა ქიმიის ოლიმპიადის დაფუძნება.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 16-09-2021