2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
რა როლს ასრულებს კალციუმის და სტრონციუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში? სტრონციუმის რომელი იზოტოპია ძლიერ საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის? რა უარყოფით მოვლენებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში კალციუმის ჭარბი ან პირიქით, დაბალი შემცველობა?
პასუხი:
კალციუმი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნაერთია. ის არის ე.წ. ადამიანის „საყრდენი ელემენტი“ – ფოსფატის სახით შედის ადამიანის ჩონჩხის შედგენილობაში. მისი ორმაგი მარილი – ფოსფატი-ფთორიდი მონაწილეობს კბილების ფორმირებაში.
ადამიანის ორგანიზმი კალციუმს, სხვა ელემენტებთან შედარებით, დიდი რაოდენობით შეიცავს (შეჯამებულად, ყველა დანარჩენი ელემენტის დაახლოებით 30 %-ს). მნიშვნელოვანია მისი იონების შემცველობა – მათზე მოთხოვნის სადღეღამისო დოზის მაქსიმუმი დაახლოებით ერთი გრამია. კალციუმის ოპტიმალური შემცველობა ინტენსიურს ხდის გულის კუნთის მუშაობას და სისხლის შედედების უნარიანობას, არეგულირებს უჯრედებში ოსმოსურ წნევას და ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და ა.შ. კალციუმის ჭარბი შემცველობა აზიანებს კანს, სასუნთქ, სეკრეციის (პანკრეასი) და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს (კუჭი, ნაწლავები), ხოლო მისი ნაკლებობა იწვევს კრუნჩხვებს.
ბარიუმის ნაერთები, ბარიუმის სულფატის გარდა, მომწამლავებია. სტრონციუმი, კალციუმთან ერთად, აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში მაგალითად, ძვლის ქსოვილში; ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ადამიანისთვის ძალზე საშიშია სტრონციუმის რადიოაქტიური იზოტოპი 90Sr (ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 28 წელია). მისი ზოგიერთი მარილი გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით და მცირე რაოდენობით შეიძლება გამოყენებულ იქნას (მაგალითად, სტრონციუმის ქლორიდი) სხვადასხვა სამედიცინო საშუალების (კანის დაავადებების სამკურნალო მალამოს, რაქიტის სამკურნალო პრეპარატის და სხვ.) დასამზადებლად