19.მე-3-12 ჯგუფების ელემენტები

19.1.გარდამავალი ელემენტები

კითხვა:

რომელ ელემენტებს ეწოდებათ გარდამავალი? როგორია გარდამავალი ელემენტების ზოგადი თვისებები?

 

პასუხი:

 გარდამავალს უწოდებენ იმ ელემენტებს, რომლებსაც d- და f-ორბიტალები მთლიანად არა აქვთ შევსებული, ან ბოლომდე შევსების შემთხვევაში გარე შრის s-ქვედონეზე ერთი ელექტრონი აქვთ.

გარდამავალი ელემენტებისათვის დამახასიათებელია რამდენიმე საერთო თვისება:

  • გარდამავალი ელემენტები, მარტივი ნივთიერების სახით, მეტალებია;
  • ყველა მათგანი ხასიათდება სითბო- და ელექტროგამტარობით;
  • აქვთ შენადნობების წარმოქმნის უნარი;
  • გარდამავალი ელემენტების ნაწილი იხსნება მინერალურ მჟავებში;
  • ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ისინი ცვალებადი და ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავებული ჟანგვითი რიცხვით ხასიათდებიან;
  • გაუწყვილებელი ელექტრონის არსებობის შემთხვევაში წარმოქმნიან პარამაგნიტური თვისების მქონე ნაერთებს;
  • წარმოქმნიან სპეციფიკური თვისებების კოორდინაციულ ნაერთებს.