12.მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
კითხვა:
როგორია თუთიის ქვეჯგუფის მეტალების ფიზიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმში?
პასუხი:
ამ ჯგუფის მეტალები ადამიანის „მტერ-მოყვარე“ ელემენტებია. ისინი, განსაკუთრებით თუთია, ორგანიზმისთვის მთელ რიგ სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს, თუმცა მათი გარემოსა და, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში ჭარბად დაგროვება ურთულეს, ძნელად განკურნებად დაავადებებს და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას იწვევს, რამაც, განსაკუთრებით ვერცხლისწყლის და კადმიუმის შემთხვევაში, შეიძლება ლეტალური შედეგებიც კი გამოიწვიოს.
თუთია ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი მეტალია. ის შედის მამაკაცის სპერმაში, ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალში, კუნთებში, ძვლებში და ა.შ. თუთია ხელს უწყობს სიცოცხლისათვის აუცილებელი ზოგიერთი ფერმენტის (მაგალითად, სუნთქვის პროცესების მარეგულირებელი და ფილტვებიდან ნახშირბადის დიოქსიდის გამომდევნი კარბოანჰიდრაზას) სინთეზს. მისი იონები ასტიმულირებს ადამიანის განვითარების და გამრავლების პროცესებს და სხვ.
კადმიუმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მას შეიცავს ადამიანის და ხერხემლიანთა ღვიძლი და თირკმელები. კადმიუმი აუცილებელი ელემენტია ადამიანის ორგანიზმისთვის: არეგულირებს ინსულინის ფუნქციონირებას და გლუკოზის შემცველობას სისხლში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დარიშხანის და ვერცხლისწყლის ნაერთების მსგავსად, კადმიუმის მთელი რიგი ნაერთები მომწამლავია და ავლენს ზოგიერთ პათოლოგიურ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარემოში კადმიუმის დიდი რაოდენობით დაგროვება ახდენს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების პროვოცირებას, ნერვული სისტემის მოშლას, სისხლის არტერიული წნევის გაზრდას და ა.შ.
ვერცხლისწყლის მცირე დოზა აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმისთვის (დნმ-შია; მონაწილეობს მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში). მისი ზოგიერთი ნაერთი, მაგალითად, ვერცხლისწყალ(II)-ის ქლორიდი – სულემა, ძლიერი ანტისეპტიკებია; სულემას იყენებდნენ და ზოგან ისევ იყენებენ კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. მისი მალამოები ეფექტური აღმოჩნდა უმძიმესი და უძველესი დაავადების - ათაშანგის წყლულებისაგან განსაკურნავად. ვერცხლისწყლ(II)-ის ოქსიდი ჯერ კიდევ გამოიყენება თვალის და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. თუმცა ვერცხლისწყალი ადამიანის ვერაგი მტერია! ვერცხლისწყალი აქროლადია; ის და მისი ბევრი ნაერთი ძლიერი საწამლავებია და უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების დაცვას მოითხოვს.