7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
რა გამოყენება აქვს მანგანუმს და მის მნიშვნელოვან ნაერთებს - მანგანუმ(IV)-ის ოქსიდს და კალიუმის პერმანგანატს − KMnO4-ს, ტექნიკაში, მედიცინაში, კვების მრეწველობასა და ანალიზურ ქიმიაში?
პასუხი:
მანგანუმი ძირითადად გამოიყენება შავ მეტალურგიაში. საქართველოში (ზესტაფონი) მუშაობს ფერომანგანუმის ქარხანა. ტიტანთან მანგანუმის შენადნობის ბაზაზე დამზადებული ელექტროდი (ანოდი) გამოიყენება მანგანუმის მისაღებად ბუნებრივი მანგანუმის დიოქსიდის გარდაქმნით მიღებული მანგანუმ(II)-ის სულფატის წყალხსნარის ელექტროლიზით.
მანგანუმ(IV)-ის ოქსიდი გამოიყენება კატალიზატორად დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარე ჟანგვითი პროცესებისათვის. მანგანუმის ნაერთებს შორის ყველაზე დიდი გამოყენება აქვს გარკვეული კრისტალური მოდიფიკაციის მანგანუმის დიოქსიდს თუთია-მანგანუმის გალვანურ ელემენტებში. KMnO4 გამოიყენება მედიცინასა და საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში (ანტისეპტიკი, სადეზინფექციო საშუალება) და პერმანგანატომეტრულ ანალიზში. მანგანუმის ზოგიერთი კომპლექსი გამოიყენება ორგანულ კატალიზში.