7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
როგორი კომპლექსის სახით იმყოფება Mn2+ იონები წყალხსნარში? რა ეწოდება ამ კომპლექსებს? რომელი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ეს კომპლექსი?
პასუხი:
Mn2+-იონები წყალხსნარში იმყოფება მჟანგავების მიმართ მდგრადი ვარდისფერი აკვაკომპლექსის - [Mn(OH2)6]2+ - სახით, რომლის წარმოქმნა განზავებულ მჟავებთან მანგანუმის მოქმედებისას შემდეგი სქემით გამოისახება:
Mn + 2 H3O+ + 4 H2O → [Mn(OH2)6]2+ + H2
აღნიშნული იონები მჟავა და ნეიტრალურ გარემოში საკმაოდ მდგრადია მჟანგავების მიმართ. ეს მარილები მიიღება აგრეთვე განზავებულ მჟავებში მანგანუმის დიოქსიდის გახსნისას:
MnO2 + 4 HCl → MnCl2 + Cl2 + 2 H2O
აღსანიშნავია, რომ MnO2-ზე განზავებული გოგირდმჟავა არ მოქმედებს, მაგრამ ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა მას ადვილად გარდაქმნის MnSO4-ის წარმოქმნით და ჟანგბადის გამოყოფით:
2 MnO2 + 2 H2SO4 → 2 MnSO4 + O2 + 2 H2O
წყალბადის ნაკადში Mn-ის გახურებით წარმოიქმნება წყალში უხსნადი მწვანე ფერის MnO, რომელიც მჟავებთან რეაქციაში ავლენს ფუძე ოქსიდის დამახასიათებელ თვისებებს:
MnO + 2 H3O+ + 2 H2O → [Mn(OH2)6]2+