5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
რა გამოყენება აქვს ვანადიუმს და მის ანალოგებს ტექნიკაში? რომელ მეტალებთან კომბინაციებში გამოიყენება ეს მეტალები შენადნობების დასამზადებლად?
პასუხი:
ვანადიუმი ძირითადად გამოიყენება ფოლადში მალეგირებელი დანამატის სახით. ფოლადი, რომელიც შეიცავს 0.1-0.3 % ვანადიუმს, გამოირჩევა სიმტკიცით, და იმით, რომ არ არის მგრძნობიარე ბიძგებისა და დარტყმისადმი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად, ავტომანქანის ღერძისათვის, რომელიც ყოველთვის განიცდის რყევას). ფოლადში ვანადიუმი შეჰყავთ სხვა მალეგირებელ მეტალებთან - ქრომთან, ნიკელთან, ვოლფრამთან, მოლიბდენთან ერთად კომბინაციაში. იგი გამოიყენება აგრეთვე თუჯის ლეგირებისათვის. ვანადიუმის ნაერთები გამოიყენება აგრეთვე მინის წარმოებაში, მედიცინაში, ფოტოგრაფიაში.
ნიობიუმი მრავალი სითბომდგრადი და კოროზიამედეგი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიობიუმის სითბომდგრადი შენადნობები, რომლებიც გამოიყენება აირის ტურბინების, რეაქციული ძრავების, რაკეტების წარმოებაში. ნიობიუმი შეჰყავთ აგრეთვე უჟანგავ ფოლადში, რის შედეგადაც მკვეთრად უმჯობესდება მისი მექანიკური თვისებები და კოროზიამედეგობა. ფოლადი, რომელიც შეიცავს 1-4%-მდე ნიობიუმს, გამოირჩევა მაღალი სითბომედეგობით და გამოიყენება მაღალი წნევის გამძლე ქვაბების დასამზადებლად. ნიობიუმშემცველი ფოლადი უზრუნველყოფს ნაკერების არაჩვეულებრივ სიმტკიცეს ელექტროშედუღების დროს.ნიობიუმის ნიტრიდი (NbN) გამოიყენება უწვრილესი ზეგამტარების დასამზადებლად.
ტანტალი უმთავრესად გამოიყენება ელექტროტექნიკასა და მანქანათმშენებლობაში. ელექტროტექნიკაში იგი გამოიყენება ელექტროლიტური კონდენსატორების, მძლავრი ნათურების ანოდების დასამზადებლად. ქიმიურ აპარატმშენებლობაში მისგან ამზადებენ მჟავების წარმოებაში გამოყენებული ხელსაწყოების დეტალებს. ტანტალის ტიგელებში ადნობენ მეტალებს, მაგალითად, იშვიათმიწათა მეტალებს. მისგან ამზადებენ მაღალი ტემპერატურის ღუმელების გამახურებლებს. იმის გამო, რომ ტანტალი არ ურთიერთქმედებს ორგანიზმის ცოცხალ ქსოვილებთან და არ აზიანებს მათ, იგი გამოიყენება ქირურგიაში გატეხილი ძვლების შესაკავშირებლად. ტანტალს (მრავალ სფეროში გამოყენებისას) კონკურენციას უწევს მისი შენადნობები ნიობიუმთან. ეს დიდ ეკონომიურ ეფექტს იძლევა, რადგან ნიობიუმი ტანტალზე იაფია. ნიობიუმისა და ტანტალის კარბიდები გამოირჩევა დიდი სიმტკიცით და გამოიყენება საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად.