ვაჟა ღავთაძე
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:2, ნომერი:1, 7-8 გვ.
ჰენრის კანონი და ემბოლია
ქიმიის პედაგოგი, ჭიათურის რაიონის სოფ.წირქვალის სკოლა 551267283
რეზიუმე: აიროვანი ემბოლიის გამომწვევი სისხლში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკებია, ბუშტების წარმოქმნის მოვლენას კი ჰენრის კანონი ხსნის კარგად. რაღაც პირობებში მაღალი წნევის გამო ჰაერი კარგად იხსნება სისხლში, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო წნევა მცირდება, ეს იწვევს გახსნილი აირის რაოდენობის შემცირებას, აირი სადღა წავა? შეცდება დაშორდეს სისხლს. ეს კი რა არის? ბუშტები სისხლში თავისი მძიმე შედეგებით.
საკვანძო სიტყვები: ჰენრის კანონი, ემბოლია, აზოტი, წყალში ყვინთვა
ყოფილხართ ოდესმე წყალქვეშ? გინახავთ იქ არსებული სილამაზე? იქ მრავალგვარი, ფერადი სამყარო იშლება ჩვენს წინაშე, სხვადასხვა სახეობის ფერადი თევზები, წყალმცენარეები, მედუზები, დელფინები, მოლუსკები, მარჯნები, კონკრეციები პოლიმეტალური შემადგენლობით. ასეთი საინტერესო ექსპონატების არსებობის გამო ზღვას მრავალი დამკვირვებელი და მკვლევარი ყავს, რომლებიც დიდი სიამოვნებით ყვინთავენ წყლის სიღრმეში და ხანგრძლივად ტკბებიან იქ არსებული სილამაზით. ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ წყალქვეშ მოგზაურობა გარკვეულ რისკებსაც მოიცავს. ხშირია უბედური შემთხვევები, მყვინთავები ხშირად იღუპებოდნენ უეცარი სიკვდილით. ისმის შეკითხვა რა ხდება? რატომ იღუპებიან ასე უეცრად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები? მეცნიერებმა ახსნეს ასეთი უეცარი სიკვდილის გამომწვევი რეალური მიზეზი ყვინთვისას. გაგიკვირდებათ და დამნაშავე არც მეტი არც ნაკლები ჰენრის კანონია, რომლის თანახმადაც სითხეში გახსნილი აირის რაოდენობა წნევის პირდაპირპროპორციულია.
მყვინთავებს ზღვაში ხშირად უწევთ საკმაოდ დიდ სიღრმეზე ჩასვლა. სიღრმეში წყალი ქმნის მაღალ წნევას. ასეთ პირობებში სწორად სუნთქვისათვის ჟანგბადი მიეწოდებათ გარკვეული წნევით. როდესაც წნევა იზრდება, აირის ხსნადობა სისხლში იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხება აზოტს რომელიც ჰაერის დაახლოებით 80% იკავებს. როდესაც მყვინთავები ფსკერიდან მაღლა ამოდიან, სისხლის წნევა მცირდება და შესაბამისად, აზოტის ხსნადობა სისხლში მცირდება. დიდ სიღრმეზე გახსნილი აზოტი სისხლსა და უჯრედებში იწყებს პატარა ბუშტების წარმოქმნას, რომელთაც შეუძლია შეაფერხოს სისხლის ცირკულაცია. თუკი წყალქვეშ აირის ნაკადის წნევა არ გაკონტროლდა, სათანადოდ დიდი შანსია განვითარდეს ფილტვის ემბოლია და საბოლოოდ ფატალური შედეგით დასრულდეს. როდესაც სიღრმიდან მყვინთავი ნელა ამოდის დიდი სიღრმიდან, რეგულარული ამოსუნთქვებითა და კანის მეშვეობით (დიფუზიის გზით) ორგანიზმი იშორებს გახსნილ აირებს.
მყვინთავები იყენებენ წნევის შემამცირებელ ბალონებს, რომლის საშუალებითაც მაღალი წნევა თანდათანობით მცირდება ნორმალურ წნევამდე. თუ ყვინთვის შემდეგ მყვინთავს წნევის ვარდნა განუვითარდა, პაციენტი გადაჰყავთ მაღალი წნევის ოთახებში, სადაც მათ ასუნთქებენ სუფთა ჟანგბადით, რომლის წნევა 2.8 ატმოსფეროა. შემდგომ წნევას ნელ-ნელა ამცირებენ 1 ატმ-მდე.
აღსანიშნავია, რომ აზოტს ამავე დროს ნარკოტიკული ზემოქმედების უნარიც აქვს. როდესაც მყვინთავები 40 მ სიღრმის ქვემოთ იმყოფებიან და შეკუმშულ ჰაერით სუნთქავენ, მათ გარკვეული ეიფორიული მდგომარეობა ემართებათ. ამ ეფექტს „სიღრმის აღტაცება“ ეწოდება. იგი ალკოჰოლური სიმთვრალის ეფექტის მსგავსია.
ვინაიდან ემბოლიის გამომწვევი ძირითადად არის აზოტი, ამიტომ მყვინთავებმა სუნთქვისას უნდა გამოიყენონ ჰელიუმის, ნეონისა და ჟანგბადის ნარევი. ჰელიუმის ხსნადობა სისხლში შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული წნევაზე ვიდრე აზოტის.
უეცარი სხეულის წნევის ვარდნა და სისხლძარღვებში აირის ბუშტუკების წარმოქმნა ხდება არა მარტო წყალქვეშ სიღრმეში, არამედ მაღალ სიმაღლეზე ფრენისას, განსაკუთრებით კი კოსმოსურ ხომალდებში.
აიროვანი ემბოლია ესაა სისხლძარღვთა სისტემაში მოხვედრილი ჰაერის ბუშტი, რომელიც მოძრაობისას იწვევს სისხლძარღვთა თანდათანობით შევიწროებას და ჩაკეტვას, სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას გარკვეულ უბანზე. ამ ბუშტს შეუძლია ჩაკეტოს არტერია. ვენური ემბოლიის დროს სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს გულში მოხვედრილმა შედარებით დიდი ზომის ბუშტმა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლეტალური შედეგის დადგომისათვის საჭირო აირის რაოდენობა ცვალებადია და მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ერთ ერთი ფაქტორი არის ორგანიზმის მდებარეობაც კი. არტერიული აიროვანი ემბოლია იწვევს უეცარ სიკვდილს, რადგანაც ბლოკავს გულის და ტვინის არტერიებს, იბლოკება ფილტვიდან სისხლის ნაკადი, ორგანიზმს ჟანგბადი აღარ მიეწოდება და ორგანიზმი იღუპება.
სიტყვა „ემბოლია“ ბერძნული სიტყვიდან „embolos“ მოდის და ქართულად საცობს ნიშნავს. ემბოლიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გაერთიანებული ტკივილი მთელს სხეულში, ხმაური ყურებში, გაშეშება, სისუსტე ფეხსა და მკლავში, შეგრძნების არქონა ან პარალიზება. გარდა აღნიშნულ შემთხვევებისა მედიცინა აღნიშნავს აიროვანი ემბოლიის წარმოშობის შემდგომ შემთხვევებს:
- ვენებში კათეტერის არასწორად ჩადგმა
- სტომატოლოგიაში იმპლატანტის ჩადგმისას
- საკეისრო კვეთის გარკვეულ შემთხვევებში
როგორც ვხედავთ, აიროვანი ემბოლიის გამომწვევი სისხლში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკებია, ბუშტების წარმოქმნის მოვლენას კი ჰენრის კანონი ხსნის კარგად. რაღაც პირობებში მაღალი წნევის გამო ჰაერი კარგად იხსნება სისხლში, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო წნევა მცირდება, ეს იწვევს გახსნილი აირის რაოდენობის შემცირებას, აირი სადღა წავა? შეცდება დაშორდეს სისხლს. ეს კი რა არის? ბუშტები სისხლში თავისი მძიმე შედეგებით. საბედნიეროდ, ემბოლიის მოზეზები დადგენილია, რაც საშუალებას გვაძლევს პრობლემა ადვილად გადაიჭრას.
გამოყენებული ლიტერატურა :
1. Frederick A. Bettelheim, William H.Brown, Mary K. Campbell, Shawn O. Farrell, Omar J.Torres. Introduction to General , Organic, and Biochermistry. 2010, brooks/Cole, Cengage Learning
2. http://www.merckmanuals.com/professional/injuries_ poisoning/injury_during_diving_or_work_in_compressed_air/arterial_gas_embolism.html
3. http://www.medicalnewstoday.com/articles/186328.php
გამოქვეყნებულია: 25-02-2015