ბატონი გოგის გარეგნობას მისი ვაჟკაცური სული კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებდა. არ დამავიწყდება მისი შეუპოვრობა უმსგავსოებისა და უცოდინრობისადმი. 90-იანი წდების დასაწყისში, განუკითხაობის დროს გამოცდაზე ერთი თავზე ხელაღებული სტუდენტი ითხოვდა ნიშნის დაწერას ავტომატმომარჯვებული. ბატონი გოგი, როგორც წესი, გამოცდას მარტო არ იბარებდა, მაგრამ შეიარეღებულმა ხალხმა ყველა აიძულეს დაეტოვებინათ საგამოცდო ოთახი. დარჩნენ მხოლოდ ბატონი გოგი და ორი ავტომატმომარჯვებული ადამიანი. ბატონი გოგი მაინს არ გატყდა. მისი პირდაპირობისა და შეუპოვრობის წინაშე ბოლოს იმ ავაზაკებმაც მოიხარეს ქედი. ასევე თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც ბატონ გოგის უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და საოპერაციოდ გაწერეს. ონკოლოგიური საავადმყოფოდან პირდაპირ ინსტიტუტში წამოვედით და გამოცდა ჩაატარა. ერთი წუთითაც არ ჩაუქნევნია ხელი ცხოვრებაზე, არ დაუჩოქია, თორემ, ვინ ვინ, და იგი ყველაზე კარგად ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე.
