ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის სპეციალობაზე ვსწავლობდი.

მეორე კურსიდან ვიწყებდით ორგანულ ქიმიას. როგორც მახსოვს, სამი სემესტრი ვსწავლობდით ორგანიკოსები ორგანულ ქიმიას. 6 სთ-იანი ლაბორატორიული  გვქონდა ორგანულ სინთეზში.

მოკლედ, სექტემბერში (სწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა) გულისწყვეტით გამოვეთხოვე ზღვას და ბათუმს (ბათუმელი ვარ), ჩამოვედი თბილისში. მეორე დღეს მივდივარ ინსტიტუტში. პლეხანოვზე ჩავჯექი ტროლეიბუსში (#14), ჩელიუსკინელებზე ამოვიდა კურსელი (კერამიკაზე სწავლობდა). ერთმანეთი მოვიკითხეთ, თან წინ წავიწიეთ ჩასასვლელი კარისკენ.

- არ ვიჩქარებდი ჩამოსვლას, მაგრამ უკვე ორგანულს ვიწყებთ, ჭირაქაძე გოგი გვიკითხავს, ამბობენ, ძალიან მკაცრია და მომთხოვნი, გაცდენები არ უყვარს, თანაც  “ჩაწყობაც“ არ მოსულა, ძალიან “შეუვალია“ ამ მხრივ-მეთქი- ველაპარაკები კურსელს. თან ჩემს პირისპირ მდგარ საშუალო ასაკის, ძალიან სიმპატიურ მამაკაცს ვუყურებ.. ვფიქრობ, მეცნობა ეს კაცი, ნეტა საიდან?  რასაც  ვლაპარაკობთ, ესმის მასაც. ამასობაში მეორე კორპუსთან გაჩერდა ტროლეიბუსი ჩავედით და ისიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა. ალბათ ტელევიზიაში მუშაობს-დავასკვენი.

 წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როცა ორგანული ქიმიის აუდიტორიაში ლექციაზე შემოვიდა ეს ჩემს მიერ “შემკული“ ლექტორი. და დაიწყო ლექცია ორგ. ქიმიაში.  ბატონი გოგი არაჩვეულებრივი ლექტორი იყო, ნამდვილი არტისტი, არაორდინალური, უზომოდ საინტერესო პიროვნება.  სხვათაშორის მხოლოდ  ბატონი გოგის ლექციების ჩანაწერი მქონდა (სხვების სიტყვასიტყვით კარნახს ვერ ვიწერდი).

რომელი პოვერპოინტის ანიმაციები შეედრებოდა მის გადმოცემას. დაფაზე ფორმულები ცოცხლდებოდნენ და გელაპარაკებოდნენ.  საკონფერენციო მოხსენებები როგორი გვქონდა “ყვითელი ფერი ვან გოგის შემოქმედებაში“ (საღებრები და ფერის წარმოქმნის თეორიებში ვან გოგები იყო ჩართული, თუ პირიქით- ვან გოგებში საღებრების ქიმია).