ბატონი გოგი ბევრ სხვა თვისებასთან ერთად დახვეწილი იუმორითა და მოსწრებული სიტყვათაც იყო დაჯილდოებული.
ძალიან არ უყვარდა სამსახურში დაგვიანება. თითქმის ყოველთვის 9-მდე ათი წუთით ადრე მოდიოდა და თუ მიგასწრებდა, იმ დღეს გამარჯობას აღარ გეტყოდა. ცხადია, ამის ფონზე სამსახურის გაცდენა წარმოუდგენელი იყო. თუ ვინმე ძალიან დაიგვიანებდა, ან საპატიო-არასაპატიო მიზეზით მაინც გააცდენდა, მთელი დღე შფოთავდა და ათასჯერ მაინც იკითხავდა. „რატომ არ ჩანს ის კაცი, რამე ხომ არ უჭირსო“.
...იმ დაქცეულ ეპოქაში, ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის მოქალაქეები რომ ვიყავით, მაგრამ მაინც ყველაფერი გვენატრებოდა და დეფიციტი იყო, სახლის ტელეფონის დადგმა დიდ ფუფუნებასთან, პრესტიჟთან ასოცირდებოდა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ - დიდ მოხერხებულობსთან.... წლობით რიგში უნდა მდგარიყავი და როდესღაც გეღირსებოდა...
ჰოდა, ერთ ჩვენს თანამშრომელს მოუწია ასეთმა რიგმა. განთავისუფლება ითხოვა ერთი დღით - ტელეფონის ხაზის მუშები უნდა მისულიყვნენ და სახლში ხომ უნდა დაგხვედროდა ვიღაც. გაუჭირდა ეს თხოვნა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ბატონ გოგისაც გაუჭირდა დათანხმება, მაგრამ არც მას ჰქონდა სხვა არჩევანი... მერე როგორც ხდება ხოლმე, მაშინ დასჭირდა ის წიგნი, რომელიც იმ თანამშრომელს ჰქონდა, რაღაც ფურცელი, რომელიც წინა დღეს მას მისცა დასაბეჭდად... სია და საჭიროება ბევრი იყო.
მეორე დილით ვზივართ მის ოთახში ისევ გუშინდელ ვერ გაკეთებულ საქმეებს ვიხსენებთ. ორივემ ვიცით საბჭოთა ეპოქის ხელოსნების ამბავი და ეს ტელეფონის შეყვანა შეიძლება კვირეები გაიწელოს... მაგრამ, საბედნიეროდ, ამ დროს შემოდის ისიც. შევატყე, ძალიან გაუხარდა მისი გამოჩენა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა:
- აბა, რაო, აკედემიკოსო, დაიყენე ტელეფონი?
- ჯერ არ ვარ აკადემიკოსი, ასე რომ არ დამიყენეს! - ასევე მოწყვეტით უპასუხა ჯერ კიდევ გუშინდელი მუშების საქციელზე და ახლა ასეთ დახვედრაზე გულმოსულმა.
- ეჰ, ჯერ კიდევ დიდ ხანს მოგიწევს ლოდინი, უმალვე მიუგო და დღის გეგმების განხილვას მიუბრუნდა.
