სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი იოსებ ჩიკვაიძე
მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი იოსებ ჩიკვაიძე არის ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვენებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მათ შორის სტატიები: 101, თეზისები: 89, წიგნები: 6, პატენტები: 4). მუშაობს ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში, კერძოდ, აზოტშემცველი კონდენსირებული მრავალბირთვიანი ჰეტეროციკლური სისტემებისა და ინდოლის, არილინდოლების, პიროლოინდოლების, ბისინდოლების ქიმიაში. არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
ქიმია,როგორც მეცნიერება შეუჩერებლად ვითარდება
-პირველ რიგში, ბატონო იოსებ, გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, წინსვლას და შემოქმედებით დატვირთულ ცხოვრებას.
- დიდი მადლობა მოლოცვისათვის...
-თქვენი აზრით, როგორია ბავშვების დამოკიდებულება ქიმიისადმი?
- მე დიდი ხნის მანძიზე მქონდა ურთიერთობა როგორც სტუდენტებთან, ისე სკოლის მოსწავლეებთან, მათ შორის აბიტურიენტებთანაც. ყველაზე საინტერესო იყო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ბავშვებთან მუშაობა. მათთვის წელიწადში ორჯერ, არდადეგების პერიდში, ე.წ. სოროსის ფონდის დაფინანსებით ეწყობოდა ბანაკები. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგად იყო მომზადებული, იგრძნობოდა, რომ უყვარს ქიმია და შეიძლება ითქვას, მომავალში კარგი ქიმიკოსებიც გახდებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უმრავლესობა სამედიცინო ფაკულტეტებზე აგრძელებდა სწავლას. ამ ბავშვების რაოდენობა მოსწავლეთა 10% არ აღემატებოდა. ეს სავსებით საკმარისი იყო თსუ- და სტუ-ს ქიმიის ფაკულტეტების სრული დაკომპლექტებისათვის. შემდგომში ეს ინტერესი განელდა, რასაც, ჩემი აზრით, დიდად შეუწყო ხელი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების წელიწადში ერთ სემესტრად სწავლებამ. მაგრამ, სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრიორიტეტულ მიმართულებებად აღიარებამ ისევ გაზარდა მოსწავლეებში ინტერესი ქიმიისადმი. ამის დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ თსუ-ს ქიმიის მიმართულებაზე სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა ჯგუფური ვიზიტები და ის ენთუზიაზმი, რომელსაც ბავშვები იჩენენ ლაბორატორიების დათვალიერებისა და საჩვენებელი ქიმიური ცდების მიმართ.
-ორიოდე სიტყვით გვითხარით, არსებობენ თუ არა პროფესიონალი ქიმიკოსები საქართველოში?
- რასაკვირველია, არსებობენ! საქართველოში პროფესიონალი ქიმიკოსების მთელი არმიაა! ჩვენს უნივერსიტეტებში და სამეცნიერო აკადემიურ ინსტიტუტებში მოღვაწეობენ უმაღლესი დონის პროფესიონალი ქიმიკოსები, რომელთა გამოკვლევები ყოველთვის იყო აღიარებული მსოფლიოში და ეს დღესაც გრძელდება. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ საყოველთაოდ აღიარებულ პროფესიონალებთან ერთად მუშაობს, მათივე აღზრდილი არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტი, რომლებმაც უკვე თქვეს თავისი ხმამაღალი სიტყვა ქიმიაში. მე არ შევუდგები გვარების ჩამოთვლას, ეს ძალიან დიდ ადგილს დაიკავებდა. ქართველი პროფესიონალი ქიმიკოსების აღიარების და დაფასების კიდევ ერთი მაგალითია თბილისში ჩატარებული მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სიმპოზიუმი. ამ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა მიიღო არაერთმა გამოჩენილმა უცხოელმა სპეციალისტმა. ამ ტიპის ფორუმებში მონაწილეობა საქართველოს ახალგაზრდა ქიმიკოსებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დონის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტების დიდი ნაწილი უცხოეთში აგრძელებს მოღვაწეობას. ეს ერთის მხრივ სასიამოვნო და საამყოა – ეს მათი და საერთოდ ქართული ქიმიური სკოლის მაღალი დონის პირდაპირი აღიარებაა. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ აქ არ არის სათანადო პირობები მათი ნიჭის სრულყოფილად გამოვლენისათვის.
-რამდენად ვითარდება ქიმია, როგორც მეცნიერება?
- ქიმია, როგორც მეცნიერება ვითარდება, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს. არის ზოგიერთი ფაქტორი, პირველ რიგში - მაგ. რეაქტივებისა და აპარატურის სიძვირე, რაც აძნელებს ექსპერიმენტის შედეგების ინტერპრეტაციას და განზოგადებას. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის ეს ძალზედ საგრძნობია. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ მხრივ გადაიდგა სასიკეთო ნაბიჯებიც. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტული დაფინანსებით შესრულდა არაერთი აქტუალური სამაცნიერო გამოკვლევა და შეძენილ იქნა ამისათვის საჭირო რეაქტივები და აპარატურა. იმედი მაქვს, ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება.
საქართველოში ქიმიის ძირითადი ფუნდამენტური მიმართულებებია: არაორგანული, ორგანული, ფიზიკური, ანალიზური, კოლოიდური, ნავთობის, ბიოორგანული, მაკრომოლეკულების, პოლიმერული მასალების, ბუნებრივი ნაერთების ქიმია, ფარმაკოქიმია, ელექტროქიმია, მათემატიკური და კვანტური ქიმია. პრაქტიკული მნიშვნელობის შედეგები იქნა მიღწეული ელექტროქიმიის, ნავთობქიმიის, ფარმაკოქიმიის, ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცეოლითების, სხვადასხვა სახის მაკრომოლეკულური მასალების, მათ შორის ბიოდეგრადირებადი პოლიმერების, სინთეზური საღებარებისა და ფოტოქრომული სპირონაერთების ქიმიაში.
თანამედროვე ეტაპზე უარესად მნიშვნელოვანია ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც ქართულ ნედლეულზე იქნება დაფუძნებული. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავებას და ნარჩენების უტილიზაციის პრობლემების მოგვარებას.
-თქვენი აზრით, იმისათვის რომ გამოხვიდე პროფესიონალი ქიმიკოსი, არის თუ არა აუცილებელი გქონდეს თანდაყოლილი ნიჭი?
-არ არსებობს განსაკუთრებული ქიმიური ნიჭი! თანდაყოლილი ნიჭი ყოველთვის და ყველა სფეროში გადამწყვეტი ფაქტორია! ნიჭიერება აუცილებელია, მაგრამ წარმატება სწავლის და ბევრი მუშაობის შედეგად მიიღწევა. ქიმიისადმი მიდრეკილება ნიჭიერი ადამიანის სულიერ და სასიცოცხლო მოთხოვნილებათა კატეგორიას უფრო მიეკუთვნება. პირველ რიგში უნდა გიზიდავდეს ქიმია, გქონდეს ბუნების განვითარების საიდუმლოებებში, სასიცოცხლო პროცესების კანონზომიერებებსა და მამოძრავებელ ძალებში გარკვევის, აგრეთვე, თანამედროვე ტექნიკისა და მასალების გაუმჯობესების სურვილი, უნდა მოგწონდეს ლაბორატორიული გარემო და ა.შ. მომავალ პროფესიონალ ქიმიკოსს უნდა ჰქონდეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედების უნარი.
-ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ქიმია, თქვენი აზრით რით არის ეს გამოწვეული?
– ქიმიის შესწავლა ძნელიც არის და ძალიან ადვილიც! მათთვის ვინც საწყის ეტაპზევე გაიგებს ძირითად ცნებებსა და პრინციპებს, რომელთა საფუძველზე ადვილია ყველა დანარჩენი საკითხის გაგება, გააზრება, და ერთმანეთთან დაკავშირება, ქიმიის შესწავლა არ წარმოადგენს პრობლემას. დასაზეპირებელია მხოლოდ ზოგიერთი კერძო სახელი, ე.წ ტრივიალური ნომენკლატურა. ყველა დანარჩენი საკითხი ერთმანეთთან ლოგიკურ ურთიერთკავშირშია – ერთი მეორესაგან გამომდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსწავლეებს უწევთ ყველაფრის დაზეპირება და ეს ძლიერ გაუცხოებას იწვევს. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში ქიმიის შესწავლა ძალიან ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
-რას ურჩევდით მომავალ ქიმიკოსებს?
–პირველ რიგში მომავალ ქიმიკოსებს ვურჩევ, დასახული მიზნის მისაღწევად ბევრი იმუშაონ, არ იზარმაცონ. დღევანდელი გასაკეთებელი გააკეთონ დღეს და არ გადადონ ხვალისთვის. ინფორმაციის მოსაპოვებლად დახარჯული დრო ექსპერიმენტზე მუშაობის გაცილებით მეტ დროს დაგიზოგავთ. გაიზიარეთ სხვების გამოცდილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ესაუბრა ნ. ბერიაშივილი და მარიამ ბარამიძე
გამოქვეყნებულია 14-01-2012