სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მასწავლებელი მარიამ საკანელაშვილი
რატომ ქიმია?
- მარიამ, გამარჯობა. თქვენ დღეს ქიმიას სწავლობთ და თან ასწავლით კიდეც. მოგვიყევით, როგორ მიხვედით ქიმიამდე?
ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. სიმართლე გითხრათ, რაიმე ფავორიტი საგანი ან გატაცება არასდროს არ მქონია, უბრალოდ ყველაფერი მაინტერესებდა. ვცდილობდი, ყველაფერი გამეგო, წამეკითხა, მომეძიებინა და სხვებისთვისაც მომეყოლა. ძალიან მიყვარდა სამეცნიერო ნაშრომებისა და ენციკლოპედიების კითხვა, ჩემთვის უცხო რაღაცეების აღმოჩენა, ბოლო კლასებში ცდების ჩატარებამ განსაკუთრებით გამიტაცა და ქიმიამდეც ასე მივედი.
-სკოლაში სწავლისას ხშირად მომავალი პროფესიის არჩევას რომელი სასწავლო კურსის სწავლების ფორმა ან თვით მასწავლებელი განაპირობებს ხოლმე. როგორ იქონია ამან გავლენა თქვენს შემთხვევაში?
სიმართლე გითხრათ ჩემი პროფესიის არჩევაში არ ქონია გავლენა მასწავლებელს ან სწავლების ფორმას. სკოლის დამამთავრებელ წლებში ბიოლოგიამ და ქიმიამ დაიმსახურეს ჩემი დიდი მოწონება, საბუნებისმეტყველო საგნები ისედაც მაინტერესებდა, ამიტომ რაიონის სკოლის შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი სკოლის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და რაც შეიძლება მეტი და საინტერესო ცდა ჩამეტარებინა, ასე ჩემში მეცნიერებისადმი ლტოლვა უფრო და უფრო იზრდებოდა.
- როდესაც რომელიმე საგანი გამორჩეულად გიყვარს, ადამიანი იწყებს ხოლმე მის თვითშემეცნებას. ქიმიაში ხშირად ქიმიის ექსპერიმენტების ჩატარებას იწყებენ. თქვენ რას აკეთებდით სწავლის გარდა?
ვიძიებდი და ვკითხულობდი სტატიებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ საიტებზეც და ამის მიხედვით ვწერდი პატარ-პატარა ბლოგებს სამეცნიერო თემებთან დაკავშირებით, ვცდილობდი მესწავლა და გამეგო რაც შეიძლება მეტი. მინდოდა მეცნიერება არ ყოფილიყო ჩემთვის ერთფეროვანი, ამიტომ მას ყველა სფეროში ვეძებდი, ყველაფერს ვაკეთებდი რომ მოვხვედრილიყავი ისეთ გარემოში, რომელიც განვითარების ყველა შესაძლებლობას მომცემდა. მივიღე მონაწილეობა პროექტში ,,მედიცინა და ხელოვნება“, სადაც ზუსტად ის დამხვდა რასაც ვეძებდი, მეცნიერების სიყვარულით შეპყრობილი არა ერთი მოზარდი, რომლებიც ჩემსავით თვით ხელოვნებაშიც კი ხედავდნენ მეცნიერებას. მეცნიერების ახლადშეძენილმა სიყვარულმა და ცნობისმოყვარეობამ საბოლოდ მიმიყვანა ჩემს მომავალ პროფესიამდე - ქიმიკოსობამდე.
- თქვენ ქიმიას უკვე საფუძვლიანად ეუფლებით და არაერთი მისი საკითხი გაქვთ შესწავლილი. რამდენად გაამართლა თავი ქიმიამ? სკოლაში სწავლის დროინდელი წარმოდგენები რამდენად აგიხდათ? უფრო მეტს ან სხვა რამეს ხომ არ ელოდით? თუ კი, მაშინ კიდევ რა მოლოდინები გქონდათ?
ქიმიაში ყველაზე მეტად ალბათ ის მიყვარს, რომ ყოველთვის ახალ რაღაცას სწავლობ, ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. ყოველთვის შეგიძლია რაღაც ახალი აღმოაჩინო და არაერთი საინტერესო ცდა ჩაატარო. სწორედ ამას ველოდი ქიმიისგან. ქიმიამ დამანახა სამყაროს მრავალფეროვნება და მომცა მისი გაცნობის შესაძლებლობა. მომავალში ალბათ ველოდები ყველაფრის უფრო დეტალურად შესწავლას და მრავალი ახალი და საინტერესო თეორიების აღმოჩენას
-ძალიან მოკლედ მოგვიყვებით სად სწავლობთ. როგორ სწავლობთ. რამდენად მოგწონთ თქვენი სასწავლო გარემო.
ამ ეტაპზე ვარ აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის პროგრამის სტუდენტი და სკოლა „ზურგჩანთას“ მასწავლებელი. ჩემი უნივერსიტეტი მაძლევს შესაძლებლობას, გავეცნო ქიმიის ფართო მეცნიერებას, ღრმად შევისწავლო და მომეცეს ახლის მოფიქრებისა და შექმნის უნარი. ეს მიღებული ცოდნა კი სხვას გავუზიარო . არასდროს არ მეგონა, თუ მასწავლებლობა ამხელა სიამოვნებას მომანიჭებდა, თუმცა როცა რაღაც გიყვარს, გინდა ეს სიყვარული ყველას დაანახო. ზურგჩანთაში სწავლების განსაკუთრებულო სტილი გვაქვს, მასწავლებლებიც მოსწავლეებთან ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით.
-როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი კარიერა? რა სფეროში აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?
საქართველოში სწავლის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ რომ უცხოეთში გავაგრძელო სწავლა ამავე მიმართულებით, მინდა მეცნიერებას რაც შეიძლება ღრმად დავეუფლო და ჩემი ცოდნით პირველ რიგში საქართველოს, შემდეგ კი გავკადნიერდები და ვიტყვი, მსოფლიოსაც მცირედით მაინც დავეხმარო.
- როგორ მოხვდით ონლაინ სკოლა „ზურგჩანთაში“? რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა? ჩემი თაობის ახალგაზრდებში, სამწუხაროდ, მასწავლებლობა არ მიეკუთვნებოდა „საოცნებო“ პროფესიების ჩამონათვალს. როგორ არის ამ მხრივ საქმე თქვენს თანატოლებში?
ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის“ შესახებ ჩემი ლექტორებისგან შევიტყვე, სკოლის საქველმოქმედო ინიციატივამ, რომ ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ მაღალი ხარისხის განათლება, განსაკუთრებით მომხიბლა. ამიტომ დიდი სურვილი გამიჩნდა მეც შევერთებოდი წამოწყებას და ბავშვებისთვის ის მცირედი მაინც გამეზიარებინა, რასაც ქიმიის ამ დიდ სამყაროში ამ ეტაპზე დავეუფლე. ჩემს თაობაში მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობას მგონია რომ დიდი როლი აქვს, ამიტომ ვცდილობ ბავშვებისთვის ვიყო ის მასწავლებელი, რომელიც არა მარტო ქიმიის გაზეპირებულ ფრაზებს ასწავლის, არამედ ისეთი მასწავლებელი რომელიც მათ ამ საგნის რეალურ სილამაზეს და მის ღრმა შინაარს დაანახებს. ვცდილობ ბავშვებს ვასწავლო ყველაფერი ის რასაც არც თუ ისე ღრმა წარსულში თავად ვეძებდი.
- და ბოლოს, ჩვენი პორტალის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გიყვართ ქიმია და ასე უანგაროდ ცდილობთ სხვებსაც შეასწავლოთ და შეაყვაროთ მეცნიერების ეს დარგი. წარმატებას გისურვებთ.
მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ რადგან მომეცით შესაძლებლობა ბავშვებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა და ახალი თაობისთვის ქიმიის ის სილამაზე დამენახებინა რამაც ასე ძლიერ მომხიბლა.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 27-11-2024