ვატო ძალზე ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და ის უზარმაზარი იმედი, რასაც მისი გვერდით ყოფნით გრძნობდი, თან გაიყოლა.

ვატო ღირსეული მშობლების გაზრდილი კაცი იყო და მთელი ცხოვრება ღირსეულად იცხოვრა. მასთან საოცრად საინტერესო იყო ურთიერთობა. ვატო უაღრესად ერუდირებული და ძალიან გამჭრიახე იყო. ჩვენ თანატოლები ვართ და ჩვენს თაობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტი იყო.

ვატოს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ლაბორატორია, მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა მეთოდიკები და დაინერგა ახალი მეთოდები, რის შემდეგაც ლაბორატორიამ (რომელიც ეხლა მისი სახელობისაა) საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ვატო მონაწილეობდა ორდიპლომიანი პროგრამის შემუშავებაში ფრანგულ უნივერსიტეტთან ერთად და ფაქტიურად მისი თაოსნობით პროგრამამ მიიღო სრულყოფილი სტრუქტურა. ამან კი საშუალება მისცა ჩვენ სტუდენტებს ესწავლათ იგივე პროგრამით როგორც ეს საფრანგეთშია და მიეღოთ იგივე დიპლომები. ბოლოს მას გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შევხვდი და ჩვენი უკანასკნელი საუბარი ისევ ამ პროგრამას ეხებოდა.

ვატო გამორჩეულად უყვარდათ სტუდენტებს, რადგან ის მათთან ურთიერთობაშიც გამორჩეული იყო. სამუშაოს გვიან დასრულების შემთხვევაში, ვატოს თავისი მანქანით მიყავდა ყველა მათგანი სახლებამდე. რა დამავიწყებს მისი გარდაცვალებისას სტუდენტების ემოციებს!

ვატოს ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დასცალდა. მას დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი, რომლებიც ძალიან გვანან მამას და მის გზას გააგრძელებენ.