შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

სპილენძის ქლორიდის მიღების მიზნით, სპილენძის სულფატიან წყალხსნარს დავამატე ნატრიუმის ქლორიდი - სუფრის მარილი. ხსნარი გამწვანდა, ეს უნდა ყოფილიყო სპილენძის ქლორიდი. შემდეგ ხსნარი გავფილტრე და წყლის ასაორთქლებლად დავასხი მინის გასაშრობზე. ცოტახნის შემდეგ ხსნარში წარმოიქმნა თეთრი ოთხკუთხედი კრისტალები. ჩემი აზრით ეს უნდა ყოფილიყო ნატრიუმის სულფატი, რომელიც წარმოიქმნა რეაქციის დროს. რა მარილი შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოქმნილი კრისტალი?
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

სპილენძის სულფატის ხსნარზე ნატრიუმის ქლორიდის დამატებით პირდაპირ სპილენძის ქლორიდის მიღება ასე მარტივად შეუძლებელია. როგორც წესი ელექტროლიტებს შორის მიმოცვლის რეაქცია ბოლომდე მიდის იმ შემთხვევაში , როდესაც ერთერთი პროდუქტი გამოიყოფა ნალექის, გაზის ან არადისოცირებადი ნაერთის სახით, ამ შემთხვევაში ასეთ მოვლენას ადგილი არ აქვს, რადგანაც როგორც საწყისი ნივთიერებები ნატრიუმის ქლორიდი და სპილენძის სულფატი, ისე რეაქციის პროდუქტები სპილენძის ქლორიდი და ნატრიუმის სულფატი კარგად ხსნადი ნივთიერებებია და მათი ურთიერთ დამატებით ერთდროულად გვექნება იონები: Cu2+, Cl-, Na+, SO42-. თუმცა, იმისდა მიხედვით თუ როგორი თანაფარდობით არიან ხსნარში შესაძლებელია ხსნარის აორთქლებით პირველ რიგში ნატრიუმის სულფატის გამოკრისტალება, რადგან მისი ხსნადობა მნიშვნელოვნად ნაკლებია სპილენძის ქლორიდთან შედარებით, ისევე როგორც სპილენძის სულფატთან და ნატრიუმის ქლორიდთან.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი