ეს საინტერესოა

 

შესაფუთი ჭკვიანი მასალა იტყობინება, როდის გაფუჭდება საკვები

მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან აღნიშნავენ რომ სენსორი, რომელიც ჟანგბადის თანაობისას იცვლის შეფერილობას შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალის მწარმოებელთათვის. ჟანგბადთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში სენსორი ღებულობს ლურჯ შეფერილობას, რომელიც მიუთითებს მომხმარებელს, რომ მან არ უნდა შეიძინოს ასეთი ფერის შეფუთვის პროდუქტი.

კვების პროდუქტებზე ჟანგბადის კონტაქტი, როგორც წესი აჩქარებს მათი გაფუჭების პროცესს, რაც განპირობებულია ცილების დაშლისა და ლპობის პროცესების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებით. მრავალი საკვები პროდუქტის შეფუთვისას მათ წინასწარ ბერავენ ნახშირორჟანგით, აზოტით ან მათი ნარევით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტზე მავნედ მოქმედ ჟანგბადის კონცენტრაციას. ამჟამად არსებობს მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას განისაზღვროს შეფუთულ პროდუქტში ჟანგბადის შემცველობა, მაგრამ ასეთი ტიპის ანალიზის ჩატარება მოითხოვს რთულ მოწყობილობას და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას. ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტში შემუშავებულია მეთოდი რომელიც სენსორის ფერის ცვლილებაზეა დამყარებული. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სისტემა არა მარტო იაფია, არამედ საშუალებას აძლევს რიგით მყიდველს შეუიარაღებელი თვალით განსაზღვროს საკვები პროდუქტის ვარგისიანობა.

ახალი სენსორი მიღებულია ტიტანის ოქსიდის ნანონაწილაკებისაგან, რომელიც დაფარულია მეთილენური ლურჯითა და ელექტრონოდონორი - DL-ტრეიტოლით, სენსორის აქტივაცია ფოტოგამათეთრებელი ულტრაიისფერი გამოსხივებით ხდება. ფოტოგამოთეთრების პროცესის შემდეგ სენსორი მხოლოდ ჟანგბადის არსებობისას ღებულობს ლურჯ შეფერილობას. გალურჯებული ინდიკატორის განმეორებით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ფოტოგამოთეთრების შემდეგ. პროექტის ხელმძღვანელი ენდრიუ მილსი (Andrew Mills), აღნიშნავს რომ პროდუქტების შეფუთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ამცირებს საკვები პროდუქტების ნარჩენების დიდი რაოდენობით წარმოქმნას.

 

სრულად

 

წყარო:Analyst, 2011, DOI: 10.1039/c1an15774d

 

გამოქვეყნებულია: 29-07-2013