სიახლეები
ვორკშოპი ქიმიაში მასწავლებლებისათვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთან თანამშრომლობით ა.წ. 16 აპრილს, 12:00 საათზე გამართავს ვორკშოპს ქიმიაში მასწავლებლებისათვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან მოწვეული საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებისათვის.
ღონისძიება ტარდება ACS-ის მიერ დაარსებული საინფორმაციო კამპანიის „ქიმიკოსები აღნიშნავენ დედამიწის კვირეულს“ ეგიდით, რომლის ფარგლებშიც ACS-ის წევრები და ქიმიის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან ღონისძიებების კოორდინირებით ცდილობენ ხაზი გაუსვან ქიმიის პოზიტიური როლის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.
ვორკშოპი განხორციელდება თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო/სამეცნიერო ლაბორატორიებში (თსუ-ს მე-2 კორპუსი), რომლებიც აღჭურვილია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი აპარატურით და გამოიყენება სწავლებისა და კვლევების ჩატარებისათვის.
ვორკშოპი აერთიანებს პარალელურ რეჟიმში მიმდინარე 3 სხვადასხვა სესიას:
1) ზოგადი და არაორგანული ქიმია; 2) ორგანული და ბიოქიმია; 3) ფიზიკური და ანალიზური ქიმია.
ღონისძიების ფარგლებში, საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა ქიმიურ ექსპერიმენტში და დამოუკიდებლად იმუშაონ ლაბორატორიებში არსებულ ხელსაწყო-დანადგარებზე.
ვორკშოპს წარმართავს თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი, რომელიც უძღვება შესაბამის კურსებს და გავლილი აქვს სტაჟირება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).
ვორკშოპის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ საჭირო ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს მოსწავლეების ქიმიით დაინტერესებისა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით სწავლებაში ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საფუძველზე.
ვორკოშპში მონაწილეობისათვის საჭიროა წინსწარი რეგისტრაცია
გამოქვეყნებულია: 11-04-2022