სიახლეები
2020 წლის საქართველოს ეროვნული პრემია ქიმია-ბიოლოგიის დარგში
2020 წლის საქართველოს ეროვნული პრემია ქიმია-ბიოლოგიის დარგში მიენიჭათ გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს მონოგრაფიისათვის „Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants: – Basis of Phytoremediation“ („უმაღლეს მცენარეებში დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები: ფიტორემედიაციის საფუძველი“), რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სამეცნიერო გამომცემლობა „Springer“-მა დაბეჭდა.
მონოგრაფია ეძღვნება ქიმიურად დაბინძურებული გარემოს გასუფთავების ყველაზე თანამედროვე, ეკონიმიკურად და ეკოლოგიურად ხელსაყრელ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფიტორემედიაციის სახელითაა ცნობილი. ეს ბიოტექნოლოგია დაფუძნებულია მცენარეებისა და მიკროორგანიზმების უნარზე, შთანთქან და გააუვნებელყონ ქიმიური ტოქსიკანტების უაღრესად ფართო სპექტრი.
ფიტორემედიაციული ტექნოლოგიების შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია იმ ძირითადი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რომლებიც განაპირობებს მცენარეებში ქსენობიოტიკების შეღწევას, გადაადგილებასა და გაუვნებელყოფას.
აღნიშნულ მონოგრაფიაში სწორედ ეს პროცესებია განხილული. გარდა ამისა, დახასიათებულია გარემოს ქიმიური დამაბინძურებლები; აღწერილია გარემოში მათი გავრცელების გზები და ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების ხასიათი; ნაჩვენებია ფიტორემედიაციული ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ულოცავს გია ხატისაშვილს, გიორგი კვესიტაძესა და თინათინ სადუნიშვილს საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭებას.
გამოქვეყნებულია: 07-06-2021