სიახლეები
ჟურნალის “ქიმიის უწყებანი“ განცხადება
სამეცნიერო, პოპულარული და შემეცნებითი ჟურნალი “ქიმიის უწყებანი“ საუკეთესო საშუალებაა ქიმიისა და ქიმიკოსების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტმედია, არ არის განებივრებული პროფესიული ჟურნალებით.
„ქიმიის უწყებანის“ მისია განსხვავებულია, ვიდრე სხვა მეცნიერული ჟურნალებისა, რომლებიც თავისთავად ძალიან მნიშნელოვან საქმეს ემსახურებიან. ჟურნალი აქვეყნებს მასალებს, რომლებიც ერთნაირად კითხვადი და საინტერესო არის როგორც - ქიმიკოსებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მკითხველისთვის. მასში წაიკითხავთ ქიმიის სხვადასხვა დარგის როგორც სამეცნიერო, ისე სამეცნიერო-შემეცნებითი ხასიათის სტატიებს. ყურადღება არის გავამახვილებული ქიმიური ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე და მის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ასევე ხშირად ვსაუბრობთ, ქიმიის სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, გაკვეთილებისა და ლექციების დაგეგმვასა და მასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. აქტიურად ვეხმაურებით განათლების რეფორმას და განათლების სისტემის სტარატეგიას. ჟურნალში ასევე შესაძლებელია საინტერესო ნაშრომები გამოქვეყნება ქიმიის ისტორიიდან. მოგითხრობთ ღვაწლმოსილ მეცნიერებზე, ღირშესანიშნავ ფაქტებსა და მოვლენებზე. წარმოგინდგენთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გავითვალისწინებთ მკითხველებისა და კოლეგების რჩევებს თუ შენიშვნებს.
ყველა ამ სურვილისა და ჩანაფიქრის განხორციელებას, ბუნებრივია მარტო ვერ შევძლებთ. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი თანამოაზრეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის, ვისაც გული შესტკივა ქიმიაზე, ვისაც სურს, რომ ქიმია იყოს ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული დარგი და ვინც იცის, ამ დარგის განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის წარმატების საქმეში.
ჟურნალი ელექტრონული ვერსიის სახით გამოიცემა. ეს საშუალებას გვაძლევს, რაც შეიძლება ოპერატიულად განვათავსოთ თქვენი სტატია ინტერნეტსივრცეში. სტატიები აიკინძება და ნომრის დახურვის შემდეგ, როგორც ავტორები, ისე სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ ჟურნალის ნომრის სრულ ელექტრონულ ვერსიას. თითოეული სტატია და ყველა ნომერი თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის. ახლი ნაშრომის შესახებ ანონსი გაკეთდება, როგორც ასოციაციის ვებ-პორტალზე www.chemistry.ge, ასევე სოციალურ ქსელში მის Facebook-ის გვერდზე. სარედაქციო კოლეგია არ დაიშურებს ძალისხმევას, ავტორებისა და მათი ნაშრომების პოპულარიზაციისათვის.
ნაშრომის გამოქვეყნება ჩვენს ჟურნალში საკმაოდ მარტივია. მათი გამოქვეყნება შეგიძლიათ „ჩვენთან მოუსვლელად“. ამისათვის საკმარისია, გააფორმოთ სტატია დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, (www.chemistry.ge/publication/chemnews/guide.php) რომელსაც ჟურნალის ვებ-გვერდზე იპოვით, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის გვერდზე, ატვირთოთ ნაშრომი (http://www.chemistry.ge/publication/chemnews/authors.php) და დაელოდოთ რედაქტორის შეტყობინებას შემდგომი მოქმედებისათვის.
მინდა წარმატებები გისურვოთ ჩვენო მომავალო ავტორებო, მეცნიერებო, მკვლევარებო, მასწავლებლებო, ქიმიკოსებო და მკითხველებო!
თქვენი ყოველი წარმატება, ჟურნალის წარმატებაა!
გამოქვეყნებულია: 01-07-2020