სიახლეები
შეხვედრა გურიის რეგიონის ქიმიის მასწავლებლებთან
ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბებაში გურიის რეგიონის პედაგოგებიც ჩაერთვნენ. 2 თებერვალს მათთან გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა სსიპ ქალაქ ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლაში, რომელიც სპქა-ს პარტნიორი ორგანიზაციაა.
შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები. პროექტის დეტალურ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, მოსალოდნელ შედეგებზე კი მათ ფასილიტაციას უწევდა დოქტორი თეა მათითაიშვილი.
პირველი სამუშაო შეხვედრის მსჯელობის ობიექტი იყო ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები.
შეხვედრამ ჩაიარა მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებაში, კერძოდ, მათ დიდი მონდომებითა და ინტერესით წყვილებში ჩაატარეს დაგეგმილი ექსპერიმენტი. ძალიან დიდი იყო პედაგოგების დაინტერესება კლუბების ჩამოყალიბების მექანიზმში და მათ სამომავლო ფუნქციონირებაში.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თუკი სამომავლოდ კიდევ დაიგეგმებოდა ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, ისინი აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. პედაგოგებმა ასევე ისაუბრეს კლუბების შექმნაზე, კერძოდ, მათი აზრით საკლუბო მუშაობა მნიშვნელოვნად გაზრდიდა მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს შეუწყობდა ქიმიის, როგორც საგნის პოპულარიზაციას.
სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა
გამოქვეყნებულია: 10-02-2019