სიახლეები
სპქა სტუმრად სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესსში"
2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სტუმრობდა სერვანტესის სახელობის გიმნაზია” აია - ჯესს”.
გიმნაზიას აქვს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. იგი ინგლისური და ესპანური ენების გაძლიერებული სასწავლო პროგრამებითა და ინოვაციური მიდგომებით, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების მატარებელი, უახლეს ტექნოლოგიების გამოყენებასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი პიროვნების აღზრდას ემსახურება.
სკოლა მიზნის მისაღწევად გეგმავს და ახორციელებს საინტერესო პროქტებსა და პროგრამებს, ორგანიზატორობას უწევს და მასპინძლობს სხვადასხვა კონკურსებს, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის აღსანიშნავია:
- საერთაშორისო კონკურსი ინგლისურ ენაში “Be The Best”
- კონკურსი “საუკეთესო პატარა მთარგმნელი” ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენაში.
- ლიტერატურული კონკურსი “წიგნი და სამყარო”
- საერთაშორისო ეკოლოგიური ტურნირი
სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, ახალგაზრდულ სამიტებსა და კონკურსებში. სკოლის მოსწავლეებს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაში მათემატიკის სექციაში მოპოვებული აქვთ 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლები. სკოლის, სასკოლო ღონისძიებებში გამარჯვებული მოსწავლეები იგზავნებიან IEARN ყოველწლიურ ახალგაზრდულ სამიტზე.
სკოლას აქვს სასწავლო-გაცვლითი პროგრამები ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და უკრაინის სკოლებსა და ენის ცენტრებში.
ასოციაციის მხრიდან სკოლას სტუმრობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები, გაკეთდა საქართველოს ქიმიის პორტალის www.chemisrty.ge და მისი პარტნიორი ორგანიზაციის www.chemclub.ge ვებ-გვერდების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დაიგეგმა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება როგორც გიმნაზიაში, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეზე, სადაც მოსწავლეები დაესწრებიან უშუალოდ ექსპერიმენტულ (ლაბორატორიულ) სამუშაოებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან. გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას და იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ ასოციაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ცნობილი მეცნიერების შეხვედრების ლაბორატორიული ექსპერიმენტების ორგანიზებას, სკოლის პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა მომზადებაში სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის და ა.შ.
შეხვედრის დასასრულს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც სკოლის მხრიდან ხელი მოაწერა დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ, ხოლო სპქა-ს მხრიდან ასოციაციის თავმჯდომარემ ელიზბარ ელიზბარაშვილმა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო კოლაჟი:
გამოქვეყნებულია: 30-11-2011