სიახლეები

 

ახალგაზრდა მეცნიერმა მოსწავლეებს ლექცია-გაკვეთილი ჩაუტარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური №77 საჯარო სკოლაში გამართულ ქიმიის ლექცია-გაკვეთილს დაესწრნენ. მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლების, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღვივებისა და ზოგადად მეცნიერებით დაინტერესების მიზნით, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მემანიშვილი მოსწავლეებს შეხვდა და მათ მაღალმოლეკულური ნაერთის, პოლიმერების და ზოგადად, მედიცინაში ქიმიის როლზე ესაუბრა. გაკვეთილი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. საჯარო გაკვეთილები სკოლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში იმართება. კონკურსს სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წელს უკვე მეორედ ახორციელებს.

საერთაშორისო კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ საუკეთესო საშუალებაა ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ დაინტერებული მოსწავლეებისთვის მათი შემოქმედებითი აზროვნების გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge ელექტრონული რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. საკონკურსო განაცხადებს სპეციალური კომპეტენტური ჟიური განიხილავს, საუკეთესო პროექტების ავტორები ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

 

გამოქვეყნებულია: 26-11-2011