სიახლეები
საერთაშორისო ოლიმპიადა ბიოლოგიაში "ავიცენა"
2024 წლის 9-14 ივნისს უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში გაიმართა ავიცენას საერთაშორისო ოლიმპიადა ბიოლოგიაში, რომელზეც ქართველმა მოსწავლეებმა - ანასტასია მაჭარაშვილმა, თამარ ზაკუტაშვილმა და გუგა ჯინჭარაშვილმა იასპარეზეს.
მოსწავლეთა გუნდი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ შესარჩევი ტესტირებითა და გასაუბრებით დაკომპლექტდა. შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები. გუნდის წვრთნას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი თენგიზ ნოზაძე და ბიოლოგიის პროგრამის III კურსის სტუდენტი გიორგი პაპულაშვილი. გიორგი პაპუაშვილი ცოდნის ფონდის დაფინანსებით გუნდს თან ახლა ტურნირზეც.
ავიცენას ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა ბიოლოგიით დაინტერესებული მონაწილეების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენასა და დახვეწას, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და კულტურათაშორის მიმოცვლას. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 20 ქვეყნის 100-მდე მოსწავლე.
მოსწავლეთა ტრენინგები ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის ოქტომბრიდან გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია: 02-07-2024