სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი: ეთერი
საბჭოთა ბავშვები მონატრებული ბავშვები ვართ. ამ უზარმაზარ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა მუხლჩაუხრელად მუშაობდა, მაგრამ ფული მაინც არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, თითქმის ვერაფერს იყიდიდა. მაღაზიების დახლები ერთთავად ცარიელი იყო. რძე თუ გიყვარდა, დილით ადრე უნდა ჩამდგარიყავი რიგში, რადგან გახსნიდან ერთ საათში მაღაზიაში გამყიდველი და ცარიელი ბოთლები თუღა დაგხვდებოდა, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ სამუშაო საათების დამთავრებას. სოსისი და შოკოლადი ლამის დელიკატესად იყო მიჩნეული. თუ მაღაზიაში რომელიმე მათგანს აღმოაჩენდი, ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ შეეტანათ და უნდა გეფიქრა, რომ ძალიან გაგიმართლა. მანქანისა და ბინის შესაძენად კი მარტო ფული არ კმაროდა – თითქმის მთელი ცხოვრება უნდა გემუშავა ქარხანაში თუ მინდვრად, რომ სადღაც ზევით ვიღაცის ნდობა დაგემსახურებინა და სპეციალურ სიაში შეეყვანე. ამ სიაში მოხვედრის გარეშე მეორად მანქანას თუ იყიდიდი, თანაც უფრო ძვირად და ნახევრად ლეგალურად. ბავშვებს კი ხშირად ნაყინის შესაძენი 20 კაპიკიც არ გვქონდა და როცა გვქონდა, მაშინაც მთელი დღე გაფაციცებული ველოდით, რომ მოტოციკლეტ „იჟის“ ხმა და დამტარებლის „მაროჟნი, მაროჟნი!“ არ გამოგპარვოდა. დღეში ერთხელ გვეძლეოდა ნაყინის ყიდვის შანსი და მისი ხელიდან გაშვება მეორე დღემდე ლოდინს ნიშნავდა.სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 24-05-2024