სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & გორის მე-12 საჯარო სკოლა

5 დეკემბერს, პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში, ქ.გორის მე-12 საჯარო სკოლა ეწვია აგრარულ უნივერსიტეტს კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით. კვლევა ეხებოდა ხილსა და ბოსტნეულში C ვიტამინის შემცველობის განსაზღვრას.

STEM-ასისტენტებმა - აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსელმა სტუდენტებმა მარიამ ლუაშვილმა და ლიზი თავაძემ - მოსწავლეებსა და მასწავლებელ ნათია კახნიაშვილს დაახვედრეს საჭირო ჭურჭელი და რეაგენტები ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიაში მუშაობისა და დანადგარების გამოყენების წესებს. STEM-ასისტენტების მეთვალყურეობის ქვეშ მიეცათ საშუალება თავადვე დაემზადებინათ საჭირო ხსნარები. შესაბამისად, აითვისეს სიზუსტისთვის აუცილებელი ტექნიკური მხარეები. მოსწავლეებმა წარმატებით გატიტრეს C ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) ხსნარი, ხოლო შემდგომ თავიანთივე დამზადებული სხვადასხვა ჯიშის ვაშლისა და წიწაკის წვენის შემცველი წყალხსნარები. ტიტრაციის მეთოდის არსი გაიაზრეს თეორიულადაც და სათანადო დასკვნების გამოტანაც გაუმარტივდათ.

გორის სკოლის მოსწავლეები კვლევის შედეგებს სკოლაში გაანალიზებენ და შემდგომი კვლევისათვის კვლავ ესტუმრებიან უნივერსიტეტს.

მომზადებული კვლევითი პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 05-12-2023